მინსკში პომპეოს ვიზიტის შემდეგ, ბელარუსი 2008 წლიდან პირველად, აშშ-ში ელჩს დანიშნავს
ბელარუსი უახლოეს თვეებში აშშ-ში ელჩს დანიშნავს, – განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვლადიმირ მაკეიმ. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება, ბელარუსში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, ვიზიტის შემდეგ იქნა მიღებული.
„ეს, შესაძლოა, უახლოეს თვეებში მოხდეს, მანამდე სჭიროა რიგი პროტოკოლური და ტექნიკური მოთხოვნების შესრულება“,-განმარტა მინისტრმა.
ბელარუსმა და აშშ-მა საკუთარი ქვეყნების ელჩები 2008 წელს გაიწვიეს და დიპლომატიური მისიების რიცხვი შეამცირეს. აღნიშნულს წინ, 2006 წელს აშშ-ის მხრიდან ბელარუსის რიგი მოქალაქისა ფა ორგანიზაციის მიმართ დაწესებული სანქციები უძღოდა, „ადამიანის უფლებების დარღვევისა“ და „ დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფისთვის“.
2015 წელს ვაშინგტონმა სანქციები ნაწილობრივ მოხსნა და ყოველწლიურად აღნიშნულ რეჟიმს ახანგრძლივებდა.
2019 წელს ბელარუსში განაცხადეს, რომ მინსკმა ქვეყანაში ამერიკელი დიპლომატების რაოდენობაზე შეზღუდვა მოხსნა.