დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია წინასწარ აცხადებს, რომ კანონს არღვევს და პროვოკაციაზე მიდის

“ოპოზიცია წინასწარ აცხადებს, რომ კანონს არღვევს და პროვოკაციაზე მიდის”, – ამ სიტყვებით ეხმაურება ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე ოპოზიციის მიერ 4 თებერვალს დაანონსებულ აქციას.

ჩიხელიძის თქმით, პიკეტირება არ არის გამოხატვის თავისუფალი ფორმა.

“ძნელია საუბარი იმის შესახებ, თუ რას მოიმოქმედებს ოპოზიცია, რადგან მრჩება შთაბეჭდილება, რომ თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული თუ როგორი ფორმით გააგრძელონ მოქმედება, პროცესების გაგრძელების ორი გზა არსებობს, ერთი დემოკრატიული, რაც კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს გულისხმობს და მეორე არადემოკრატიული, დესტრუქციული, ძალადობრივი გზა.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, მათი არჩევანი ძალადობრივია და ხვალ პარლამენტის პიკეტირებას მოახდენენ. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ დღევანდელ საქართველოში ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ პიკეტირება არ არის გამოხატვის თავისუფლების ფორმა. პიკეტირება სხვა არაფერია თუ არა ბლოკირება, საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება კი დაუშვებელია და მას კანონი კრძალავს, შესაბამისად, ოპოზიცია წინასწარ აცხადებს, რომ კანონს არღვევს და პროვოკაციაზე მიდის.

ოპოზიცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათთვის კანონი არაფერს ნიშნავს, რადგან ერთი მხრივ აცხადებენ, რომ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად, ხოლო მეორე მხრივ აცხადებენ, რომ გაგრძელდება პიკეტირება და აქციები. მოვუწოდებ ოპოზიციას ჩამოყალიბდით, კანონი და პიკეტირება ერთად არ გამოდის!”- აცხადებს დავით ჩიხელიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები