განათლების საერთაშორისო ცენტრმა საზღვარგარეთ სწავლის მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოაცხადა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა, პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან – საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგულ ინსტიტუტთან ერთად, 2020-2021 სასწავლო წლისათვის ექვსი სასტიპენდიო პროგრამა გამოაცხადა.

ეს პროგრამებია:

• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები
• საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა
• სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში
• აკადემიური პროგრამები იტალიაში

ღონისძიებაზე, განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ, საზოგადოებას პროგრამებით გათვალისწინებული გეგმების, ვადებისა და პროცედურების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

პროგრამები ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.

ყოველწლიურად სასტიპენდიო პროგრამებით განათლების საერთაშორისო ცენტრი დაახლოებით 200-მდე ქართველ სტუდენტს აფინანსებს.

ექვსივე პროგრამის ელექტრონული განაცხადების მიღება ცენტრის ვებგვერდზე 3 თებერვალს დაიწყო – www.iec.gov.ge.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და დაარსებიდან დღემდე 850-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები