გია ვოლსკი: “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” კვლევაში საარჩევნო სისტემის საკითხი რომც არ ყოფილიყო ისედაც ყველას გვაღელვებს
“ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მკვლევარს კვლევაში საარჩევნო სისტემის საკითხი რომც არ დაეფიქსირებინა, ისედაც ყველას გვაღელვებს, – ასე შეაფასა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ ანგარიში.
ვოლსკის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული იქნება.
“ამ შემთხვევაში ოპოზიცია რას იტყვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” მკვლევარმა არჩევნებთან დაკავშირებით საკითხი დააყენა, რომელიც ჩვენ ყველას გვაღელვებს და საერთოდ ეს საკითხი, კვლევაში რომც არ შეეტანა ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად მომართულია ჩვენი ოპონენტების მიერ ვითარების შესარყევად. რასაკვირველია საკითხი გვაღელვებს და გვინდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მივაღწიოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა” სათაურით – „ხუთი მთავარი პრიორიტეტი 2020 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობებში“ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის ავტორია რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში მკვლევარი ასისტენტი ალექსის მრაჩეკი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიმართ ერთგულებისა და მხარდაჭერის გასაგრძელებლად 2020 წელს აშშ-მა ყურადღება უნდა გაამახვილოს ხუთ მთავარ პრიორიტეტზე, ესენია: საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების მხარდაჭერა; საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისთვის ბიძგის მიცემა; ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება; საქართველოსთვის ბიძგის მიცემა ანაკლიის პორტისთვის ახალი ინვესტორის პოვნის თვალსაზრისით.