ახალციხეში განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ბ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.
“სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, დაბა ასპინძაში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ბ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, ბ.მ.-ს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.მ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბ.გ. იმავე დღეს დაბა ასპინძაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა”,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ბ.გ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.