შატბერაშვილი: ლავროვი არის ოდიოზური, მიუღებელი, მაგრამ აბა ვის უნდა დაველაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასთან დაკავშირებით?

რა თქმა უნდა, ლავროვი არის ოდიოზური, ყოვლად მიუღებელი პიროვნება, პუტინი კიდევ უარესად მიუღებელია, მაგრამ აბა ვის უნდა დაველაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასთან დაკავშირებით? ავსტრალიის ხელისუფლებას?, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მემარცხენე ალიანსის“ ერთერთმა ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა განაცხადა.

შატბერაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის საქართველოში შესაძლო ვიზიტის საკითხს გამოეხმაურა.

„მე იმ პარტიას წარმოვადგენ, რომელიც ყოველთვის ემხრობოდა რუსეთთან დიალოგის გამართვას.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ორივე ხელით ვემხრობით ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანებას. რუსეთთან საკითხის მოგვარების ორი ვარიანტი არსებობს: ერთია ომით და მეორე, მშვიდობიანი. ომი გამორიცხულია. არსებობს ერთადერთი, მშვიდობიანი გზა. ლავროვი დიდი ხნის წინ უნდა ჩამოსულიყო თბილისში. ჩვენი პრეზიდენტიც, რაც ხელისუფელბა შეიცვალა, მარგველაშვილი, დიდი ხნის წინ უნდა წაბრძანებულიყო იქ. შემდეგ სალომე ზურაბიშვილსაც მოვუწოდებდით, ჩაბრძანებულიყო რუსეთში და დაეწყო მოლაპარაკება, მაგრამ არცერთმა ყურად არ იღო ეს მოთხოვნა.
რუსეთში ჩასვლა, ან აქ რუსეთის მაღალჩინოსნის ჩამოსვლა და მასთან მოლაპარაკებისთვის დაჯდომა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლინობის აღსადგენად, არ არის არც პრორუსობა, არც ერის და ქვეყნის მოღალატეობა. მსოფლიოს ისტორიაში მეომარი ქვეყნები საბოლოოდ სხდებოდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან.

ლავროვის ჩამოსვლას შეეწინააღმდეგება ის პოლიტიკური პარტია,რომელსაც არ უნდა საკითხი მოგვარდეს. რა თქმა უნდა, ლავროვი არის ოდიოზური, ყოვლად მიუღებელი პიროვნება, პუტინი კიდევ უარესად მიუღებელია, მაგრამ აბა ვის უნდა დაველაპარაკოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებასთან დაკავშირებით? ავსტრალიის ხელისუფლებას?

უნდა დავიწყოთ მოლაპარაკება, ოღონდ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები, ხელშეუხებელი უნდა იყოს ერთი პოსტულატი, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამაში დათმობა არ უნდა გვქონდეს“, – განაცხადა შატბერაშვილმა.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 14-15 მაისს საქართველო, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვდრას უმასპინძლებს. ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა ამ ღონისძიებაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოსვლას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და როგორი იქნება რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა. ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, უცხო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან – აფხაზეთში და გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან – ცხინვალის რეგიონში. შესაბამისად, რუსეთის დელეგაციის წევრების მიმართ, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ამ წესის დარღვევით იმყოფებოდნენ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები