პრემიერ-მინისტრი USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის მოადგილეს, ბონი გლიკს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა და USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამები განიხილეს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას ხელს უწყობს. აღინიშნა საქართველოს თვალსაჩინო პროგრესი ყველა მიმართულებით. ხაზი გაესვა საქართველოსა და USAID-ს შორის ნაყოფიერ თანამშრომლობას.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ და ბონი კლიკმა ისაუბრეს USAID-ის სამომავლო პროგრამებზე, ყურადღება გამახვილდა 5 წლიან გეგმაზე, რომელიც როგორც საქართველოს, ისე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პრიორიტეტებზე იქნება მორგებული.​
USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ ხაზი გაუსვა განათლების სფეროში ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. მისი თქმით, ამერიკული მხარე ხედავს, თუ რამხელა ძალისხმევას ხარჯავს საქართველოს მთავრობა ამ და სხვა მიმართულებებით.  შეხვედრისას, აგრეთვე, საუბარი შეეხო USAID-ის პროგრამას – „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში”.
აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში ივანკა ტრამპის ეკონომიკური ინიციატივის განხორციელება დაიწყო, რომელიც ქალ მეწარმეთა და ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერას გულისხმობს. ​USAID-ის მიერ YES-Georgia პროგრამის გაფართოება მეწარმე ქალთა ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული. 2024 წლის დასაწყისისთვის, YES-Georgia უზრუნველყოფს 2500-ზე მეტი ქალისთვის ბიზნეს მენეჯმენტის ტრენინგს, იურიდიულ და საბუღალტრო სერვისებს, მენტორობისა და ნეთვორქინგის შესაძლებლობებს. ინიციატივის ფარგლებში, პროგრამა, USAID-ის მიერ 840,000 აშშ დოლარით დაფინანსდება.
მთავრობის მეთაურმა ამერიკულ დელეგაციას მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა სრული მხარდაჭერა USAID-ის ახალი პროგრამების მიმართ, რომელთაც დიდი როლი აქვთ საქართველოს სამთავრობო რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რაც თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს აშშ-საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო და სტრატეგიულ პარტნიორობას.
USAID-ის საქართველოში შემოსვლიდან დღემდე, წარმატებული პარტნიორობის პირობებში, ამერიკელმა ხალხმა ქვეყანას 1.8 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება გაუწია.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, ხოლო საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები