ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე უძღვებოდა.

როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო რუხაძემ აღნიშნული პოზიცია დატოვა.

საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. მათ შორის, შეაჯამეს 2019 წელს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები, იმსჯელეს მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე, მოისმინეს საბჭოს წევრების რეკომენდაციები და წინადადებები.

ზაზა მელიქიძემ შეხვედრის მონაწილეებს იმ პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთა განხორციელებაც მუნიციპალიტეტში 2020 წელს იგეგმება, როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ბიუჯეტების დაფინანსებით.

მონაწილეებმა დეტალურად ისაუბრეს რეგიონებში განსახორციელებელ პროექტების შესახებ. მათ ყურადღება “სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე“, სკოლებისა და ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაციაზეც გაამახვილეს.

საბჭოს წევრებმა ახალი თავმჯდომარის არჩევის საკითხზეც იმსჯელეს. მრჩეველთა საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო რუხაძემ აღნიშნული პოზიცია პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. აღნიშნული საბჭო მერთან არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით. საბჭო 29 წევრისგან შედგება და იგი სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებს აერთიანებს. დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები