ბორჯომში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, შეხვედრები კვლავ მიმდინარეობს. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაბაში, წაღვერში, მზეთმზეში, ტიმოთესუბანში, რველში, ვარდგინეთში, ბეშეთში, კორტანეთში, ზანავში, ყვიბისსა და ახალდაბაში მოსახლეობას შეხვდნენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ბუბა ბერიძემ, მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა ადგილობრივებს პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პროგრამით, ადგილობრივებს საშუალება ეძლევათ თავად გადაწყვიტონ კონკრეტულად თუ რა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებენ მათი დასახლებისათვის გამოყოფილ თანხას.

კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი. ხმათა უმრავლესობით დასახლებებში წელს ტრენაჟორების, ხიდის, შიდა საკომუნიკაციო სისტემების, მოსაცდელისა და გარე-განათების მოწყობის სამუშაოების ჩატარება შეირჩა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის ჯამურად გამოყოფილია 456 000 ათასი ლარი, აღნიშნულ თანხას მუნიციპალიტეტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100% თანადაფინანსების ფარგლებში, იგივე თანხას 456 000 ათას ლარს დაამატებს.

შეხვედრები ბორჯომის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში” ყველა სოფელში  გაიმართება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები, დასამტკიცებლად ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები