სერგეი შამბა საქართველოსთან დიალოგზე: როდესც კონფლიქტი არსებობს, ის დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს
ოკუპირებული აფხაზეთის ტელეეთერში დებატები გაიმართა, რომელშიც „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარე სერგეი შამბა და „სახალხო პარტიის“ ლიდერი იაკუბ ლაკობა მონაწილეობდნენ.
შამბამ იანვარში მომხდარი მოვლენები შეაფასა და თქვა, რომ ამაში ხაჯიმბაა დამნაშავე, რომელმაც ხალხის იმედები არ გაამართლა.
შამბას მოსაზრებას ლაკობა არ დაეთანხმა. მისი თქმით, ხაჯიმბამ ე.წ. რესპუბლიკის ისტორიაში პირველად ომი ნარკომაფიას გამოუცხადა, კრედიტები დააბრუნა და უამრავი რეფორმა გაატარა.
გარდა ამისა, მან ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის სერგეი შამბა საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა, თუმცა შამბამ, ლაკობას შეახსენა, რომ ის თავად იყო არაერთხელ დიალოგის მონაწილე.
„შენი შეფასებები მაოცებს, გამოცდილი პოლიტიკოსი ხარ. რა ბრძოლა ნარკომანიასთან, რაზე საუბრობ? უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო. რომელი პროგრესი იყო?? ყველამ იცის, როგორ ხდებოდა“, – თქვა შამბამ.
მისი თქმით, როდესც კონფლიქტი არსებობს, ის დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს. შამბამ ასევე აღნიშნა, რომ „საქართველოსთან დიალოგი სახელმწიფოს დონეზე ომის დასრულების შემდეგ მიმდინარეობს, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების დონეზე“.
„დიალოგი ვლადისლავ არძინბას დროსაც მიმდინარეობდა ძალიან აქტიურად. დღესაც გრძელდება. ჩვენი მოქალაქეები არასამთავრობო დონზე ხვდებიან ერთმანეთს. ომის შემდეგ, თავად ვიყავი არაერთხელ საქართველოს ტელევიზიებში, იმიტომ რომ იქ მოლაპარაკებისთვის ვიყავი ჩასული. მათ ვუთხარი: ჩამოყალიბდით, თქვენ ტერიტორიის, თუ ხალხის ნდობის დაბრუნება გინდათ. თუ თქვენ ტერიტორიის დაბრუნება გინდათ, არასდროს გამოგივათ ეს, თქვენ ამის გაკეთება ძალის მეთოდით უკვე სცადეთ. თუ ხალხის ნდობის დაბრუნება გინდათ, სხვანაირად უნდა ვილაპარაკოთ. გესმის? და ის, რომ ვთქვი დიალოგის წარმართვაა საჭირო, უცებ შემოატრიალეს, მათ შორის ისიც, რომ მე, თითქოს ვამბობ, რომ საქართველოში უნდა შევიდეთ. ეს დემაგოგიაა. ზოგიერთ ადამიანს ვიცნობ, ვინც ჩვენი განცხადება გააკრიტიკა, ვიცი, რამდენჯერაც მონაწილეობდნენ სახალხო დიპლომატიაში, ქართველებს ხვდებოდნენ. ამ ხალხის გვარების დასახელება არ მინდა“, – თქვა სერგეი შამბამ.