2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ტყითსარგებლობის მნიშვნელოვანი მიმართულებები დარეგულირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას, ყურადღება სატყეო სექტორში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე გამახვილდა.

2019 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, დარეგულირდა ტყითსარგებლობის გარკვეული მიმართულებები, მათ შორის, პლანტაციური მეურნეობის წარმოება და სოფლის მეურნეობისთვის საჭირო სამასალე მერქნით დაკმაყოფილების მექანიზმები; ტყის რეკრეაციული პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება და ხე-ტყის ნარჩენის ეფექტიანი მართვა. გაუმჯობესდა სააგენტოს თანამშრომელთა სოციალური გარანტიები და სამუშაო პირობები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს, სააგენტო აქტიურად მუშაობდა სატყეო განათლების ხელშეწყობის, დარგში ახალგაზრდა კადრის მოზიდვასა და საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესების კუთხით. გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროფესიულ სასწავლებლებში (ახალციხის პროფესიული სასწავლებელი „ოპიზარი“, კაჭრეთის „აისი“, წინამძღვრიაანთკარის საზოგადოებრივი კოლეჯი) სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული სწავლება 2017 წლიდან აღდგა. ორი წლის განმავლობაში პროფესიას დაეუფლა 156 ადამიანი, საიდანაც უკვე დასაქმებულია 119 სპეციალისტი. 2019 წელს, სატყეო სააგენტოს ინიციატივით, მომზადდა სპეციალური სტაჟირების სამთვიანი პროგრამა. გადამზადდა სატყეო განათლების მქონე 16 ახალგაზრდა, რომლებიც დასაქმდა ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოებზე. აღნიშნული მიმართულებით საქმიანობას სააგენტო 2020 წელსაც გააგრძელებს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებებია ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება. ასევე, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც, როგორც მოსახელობის სათბობი შეშით მომარაგების ახალი მექანიზმის დანერგვას, ისე კერძო სექტორის ხელშეწყობასაც გულისხმობს და ტყის მდგრად მართვასთან ერთად, სოფლად დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობებს ზრდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები