კახა კალაძე სენატორების წერილზე: საუბარი, რომ ჩვენ რუსეთისკენ მივისწრაფვით, სასაცილოა ნამდვილად
თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, სენატორების, ჯეიმს რიშისა და ჯინ შაჰინის წერილი, რომლითაც მათ საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას მიმართეს, შინაარსობრივად რეალობას აცდენილია. მისივე შეფასებით, საუბარი იმაზე, რომ ქვეყანა რუსეთისკენ მიისწრაფვის, სასაცილოა.
„განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ, არის რეალობას აცდენილი და ნამდვილად მიუღებელია ეს ტონი კომპანია “ფრონტერაზე”. საქმე არის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. დაველოდოთ გადაწყვეტილებებს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ მყარი პოზიციები. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს კომპანიებს და გავიტანთ ჩვენს სიმართლეს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, აუცილებელია მუშაობა, შინაარსობრივად განცხადებები, რეალობას არ შეესაბამება. როცა არის საუბარი რომ ჩვენ მივისწრაფვით რუსეთისკენ, სასაცილოა ნამდვილად. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, ვინც 2012 წლის მერე გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება ევროპასთან. დღეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში და ვაგრძელებთ ამ კურსს, რეფორმებს და კონკრეტული პროექტების განხორციელებას, რათა სწრაფად მოხდეს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია. დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის, ჩვენ მივაწვდით რეალურ ინფორმაციას. ამ ადამიანებს აქვს ცალმხრივი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით. აუცილებელია კომუნიკაცია კონგრესმენებთან“, – განაცხადა კალაძემ.