ქუთაისის მერიაში “ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს არ ადასტურებენ (ვიდეო)

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის ორგანიზაცია მერიას თანხების არამიზნობრივ  ხარჯვაში ადანაშაულებს.

როგორც ორგანიზაციის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მხოლოდ სახელფასო ხარჯებს მერიამ გასულ წელს ქალაქის ბიუჯეტის ნახევარზე მეტი -32 მილიონი მოახმარა.

“ბიუჯეტის 58% პროცენტი იხარჯება სახელფასო ფონდზე. 2 800 000 ლარი მხოლოდ შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებას მოახმარეს. მერია გვიმალავდა ჩვენ ამ ინფორმაციას და სხვადასხვა აბსურდული მიზეზებით უარს ამბობდა ინფორმაციის მოწოდებაზე. ახლა, აუდიტის დასკვნამ ცხადყო, რომ ქართული ოცნების საამაყო ქუთაისის ბიუჯეტი სინამდვილეში იხარჯება ოცნების აქტივისტების შესანახად”, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

“ევროპული საქართველოს” ბრალდებებს, ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია არ ადასტურებს.

როგორც ის ამბობს, უახლოეს 2018-2019 წლებში აუდიტის სამსახური ქუთაისის მერიაში არ შესულა და გაურკვეველია, რის საფუძველზე გააკეთეს განცხადებები ოპოზიციის წარმომადგენლებმა.

ჯავახიას თქმით, საკითხზე მოკვლევა შიდა აუდიტის სამსახურს დაწყებული აქვს და შედეგები ცნობილი უახლოეს დღეებში იქნება.  ასევე, უსაფუძვლოს უწოდებს ბრალდებას მერიაში “ოცნების” აქტივისტების დასაქმებაზეც.

“მოსახლეობა კარგად ხედავს იმ საქმეებს, რომლებიც ყოველდღიურად კეთდება ქუთაისში. იმ ხალხის მხრიდან მერიის ხარჯებზე საუბარი, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს პრემიებისა და დანამატების გაცემა ორჯერ და სამჯერ მეტად ხდებოდა, მიუღებელია. აღნიშნულ პიროვნებებს ხალხი შეცდომაში შეჰყავთ. მერიის სახელფასო ხარჯები 3 მილიონ ლარს არ აჭარბებს. რაც შეეხება ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებს ხარჯებს, ჩვენი შიდა აუდიტის სამსახურის მოკვლევის დასრულების შემდეგ, შედარებისთვის გვექნება სურათი. რაც შეეხება იმას, რომ მერიას აქტივისტები ჰყავს დასაქმებული, ვერც ამას მივიღებთ. მერია ხელფასს აძლევს ბაღის პედაგოგებს, მეეზოვეებსა და სხვებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ”,- -ამბობს ზვიად ჯავახია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები