პროფკავშირების გაერთიანებამ “რუსთავის აზოტის” 56 მოსარჩელის საქმე მესამე ინსტანციაში მოიგო
“უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უკანონოდ დათხოვნილი 56 თანამშრომლის სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო”,- ამის შესახებ ინფორმაცია პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“რუსთავის აზოტს” აგრეთვე დაევალა და იძულებითი განაცდურის დაუყოვნებლივ, სრული ოდენობით გადახდა 56-ივე მოდავისათვის, რაც მთლიანობაში ორ მილიონამდე ლარს შეადგენს. დავა “რუსთავის აზოტთან” სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა”,-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ყველა მოდავეს ნდობისთვის და მოთმინებისთვის მადლობა გაუხადა.
“რუსთავის აზოტიდან” უსინდისოდ გამოგდებული 56 ადამიანი, ჩვენი და-ძმა, დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგა სამსახურში და სრულად აუნაზღაურდებათ სამი წლის სახელფასო განაცდური. ზუსტად სამი წელი ვაცხეთ ეს ობლის კვერი და გვიან, მაგრამ მაინც გამოვაცხეთ. მადლობა ამ 56 ღირსეულ და პრინციპულ თანამებრძოლს ნდობისთვის და მოთმინებისთვის, მადლობა ჩვენს პროფესიონალ და გულიან იურისტს თამარ სურმავას, მადლობა ყველა იმ აქტივისტს და მხარდამჭერს ვინც საპროტესტო აქციებში, ყოველგვარი ანგარების გარეშე სოლიდარობას გამოხატავდა, იქნება სოლიდარობა? ყველაფერი გამოვა!!!”,-აღნიშნა ორაკლი პეტრიაშვილმა.