სალომე ზურაბიშვილი: ის გზა, რომელიც 21 წლის წინ ავირჩიეთ, არ შეცვლილა, ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს
საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ჰენდრიკ დემსისთან შეხვედრით დაიწყო.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანებიდან 21 წელი გავიდა. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება უკვე იყო ქართველი ხალხისათვის ოცნების ასრულება.
“ის გზა, რომელიც 21 წლის წინ ავირჩიეთ, არ შეცვლილა და ამ გზაზე სვლა არ შეგვინელებია. მას შემდეგ თანმიმდევრულად მივიწევთ ევროპისაკენ და ვაშენებთ თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს.
ამაში კი, დიდი წვლილი მიუძღვის ევროპის საბჭოს მხარდაჭერას და ზოგჯერ მის კრიტიკასაც კი. საქართველო ტერიტორიების ოკუპაციისა და კონფლიქტების მიუხედავად, არ აჩერებს ევროპისაკენ სვლას, აშენებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ქმნის დემოკრატიულ საზოგადოებას და იცავს ადამიანის უფლებებს, რითიც ჩვენ ძალიან ვამაყობთ.
შემდგომი ნაბიჯი, საქართველოს საერთაშორისო საზოგადოების სრულფასოვანი წევრობაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აზრი გამოვთქვათ არა მხოლოდ იმაზე, რაც ჩვენ გვეხება, არამედ მნიშვნელოვან, საერთაშორისო საკითხებზეც.
საქართველო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობისას ყურადღებას გაამახვილებს გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე. ეს თემები საქართველოსათვის მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნისათვის, რომელიც პარტნიორებთან ერთად გლობალურ გამოწვევებს უმკლავდება.
რა თქმა უნდა, ჩვენ დეტალურად განვიხილეთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკითხთან მიმართებაში საქართველოს მომავალი დაკავშირებულია ევროპის საბჭოს მხარდაჭერასთან, რომელიც უკვე გამოიხატა ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ მრავალ რეზოლუციაში. მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება ქმედება, გვჭირდება ცვლილებები ადგილზე, (პირველ რიგში ადმინისტრაციულ ხაზთან), დეესკალაცია და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა. ეს მხოლოდ პირველი ეტაპია. იმისათვის, რომ გავცდეთ ოკუპაციას, განვმუხტოთ და მოვაგვაროთ ეს ვითარება, საჭიროა, საქართველოს ყველა პარტნიორის ჩართულობა დეოკუპაცია ჩვენი საერთო მიზანია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტს მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაური, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ კი, საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებს.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებთან: ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისართან, დუნია მიატოვიჩთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან, ლინოს-ალექსანდრე სიცილიანოსთან.
ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.