ალეკო ელისაშვილი: ვაპირებთ, რომ ოპოზიციური ერთობის ფარგლებში მივაღწიოთ ერთადერთ მიზანს – პროპორციული არჩევნების დანიშვნას

„სამოქალაქო მოძრაობას” პროპორციული არჩევნების მოთხოვნით შექმნილი ოპოზიციური ერთობა არ დაუტოვებია და ამას არც ვაპირებთ, – ამის შესახებ „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლმა, ალეკო ელისაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ელისაშვილმა გუშინ პარტია „გირჩის“ ოფისში ოპოზიციის მიერ გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა.

ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა.

„გაერთიანებული ოპოზიცია ძალიან ხმამაღალი ნათქვამია. არანაირი გაერთიანებული ოპოზიცია არ არსებობს. ერთადერთი, რის გამოც ვართ ერთად, არის პროპორციული არჩევნების მოთხოვნა. რაღაც ილუზიები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები ერთად დავდივართ, ერთმანეთის გარეშე სადილზე არ ვსხდებით, არასწორი მოლოდინებია. ვაშაძის ამბავი, პირადად ჩემთვის, ამოიწურა, იმიტომ, რომ მანაც, ნიკა მელიამაც შემდეგ გააკეთეს ერთგვარი დამაზუსტებელი განმარტებები, პრინციპში აღიარეს, რომ ეს იყო მათი მხრიდან არაკორექტულად და მოუზომავად ნათქვამი, იმიტომ, რომ პროპორციულ არჩევნებზე დაპირება „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურება კი არ იყო, არამედ იყო ახალგაზრდების, პირველ რიგში იმ ადამიანების დამსახურება, რომლებმაც რუსთაველზე სისხლი დაღვარეს. ვინმეს მიერ ამის თავის თავზე დაბრალება ძალიან არასწორი საქციელი იყო, მათ შორის ვაშაძისგან. მან პასუხი მიიღო და ზოგადადაც, კარგი იქნება, ამხელა კაცია და სანამ რამეს იტყვის, თუ კარგად დაფიქრდება ხოლმე.

ჩვენ პროპორციულის მოთხოვნით შექმნილი ოპოზიციური ერთობა არ დაგვიტოვებია და ამას არც ვაპირებთ. ვაპირებთ, რომ იმ ერთობის ფარგლებში მივაღწიოთ ერთადერთ მიზანს – პროპორციული არჩევნების დანიშვნას ამ ქვეყანაში.

„გირჩის“ ოფისში გუშინ საჯაროდ იყო იმის ჩვენება, რაც მანამდე ხდებოდა. არის ძლაიან კარგი ინიციატივა, რაზეც ჩვენც აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენგან ლევან იოსელიანია ჩართული. აქ არის საუბარი იმაზე, რომ რეალურად უნდა ვიფიქროთ ძალადობრივი სისტემის, მართლმსაჯულების, სამართალდამცველი სისტემის დემონტაჟზე ისე, რომ ვერცერთმა ახალმა პარტიამ და ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს შეიარეღებული ადამიანების დაქვემდებარება.

ამაზე მიდის „გირჩის“ ოფისში შეხვდრები. აქ „ნაციონალური მოძრაობაცაა“ ჩართული“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის აქციები გაგრძელდება.
„პროპორციული არჩევნები სახლში წასაღებად კი არ მინდოდა ან მე, ან ვინმე სხვას. პროპორციული არჩევნები არის ამ ქვეყნის პოლიტიკური პერსპექტივა და იმედი, რომ ეს ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს. პროპორციული არჩევნები პატიოსანი არჩევნებია და ამას დასცინის თეა წულუკიანი. აქციებიც გაგრძელდება და ყველაფერიც. მერე წაღმა და უკუღმა იკითხონ ამერიკელი კონგრესმენების წერილები , თუ ასე გააგრძელებენ“- განაცხადა ელისაშვილმა.
ცნობისთვის, უახლოეს პერიოდში საარჩევნო სისტემის საკითხზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსულტაციების მორიგი რაუნდი უნდა გაიმართოს.
პარლამენტის თავმდჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ თუ ოპოზიცია უმრავლესობის მიერ შეთავაზებულ საარჩევნო მოდელს არ დათანხმდება, მაშინ არჩევნები არსებული საარჩევნო მოდელით ჩატარდება.
“ჩვენ ოპოზიციისთვის შეთავაზებული გვაქვს კომპრომისული ვერსია. ეს არის 100/50-ზე. მკვეთრად იზრდება პროპორციულის რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ვერ მოხდება შეთანხმება ახალა მოდელთან დაკავშირებით, მაშინ არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით”, — განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც გააკეთა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოლაპარაკებები ან შედეგით დასრულდება და ჩვენს შეთავაზებაზე წამოვლენ, ან არ წამოვლენ და მოუწევთ , გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები