ნათია თურნავა: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ აფხაზი დები და ძმები ელექტროენერგიის გარეშე არ დავტოვოთ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ აფხაზეთის რეგიონი რთულ ვითარებაში არ დატოვოს და აფხაზი ძმები და დები ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩნენ.

„ენგურჰესის რესურსები ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რესურსია, რომელიც ემსახურება სრულიად საქართველოს მათ შორის ჩვენ აფხაზ ძმებს და დებს. რასაკვირველია, თუ არ იქნება რესურსი, როგორც შარშან, ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არ დავტოვოთ ჩვენი აფხაზი ძმები და დები რთულ ვითარებაში. ამასთანავე, რამდენადაც ჩვენ ვიცით, რუსეთის კომპანიებთან თვითონ ისინიც აწარმოებენ გარკვეულ მოლაპარაკებებს “, – აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ცნობილია ენგურჰესის წყალსაცავში წყლის შემცირების გამო, ელექტროსადგური სრული დატვირთვით ვერ მუშაობს და აფხაზეთის დეფაქტო მთავრობამ რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების ოთხსაათიანი გრაფიკი დააწესა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ახლო მომავალში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის დახმარებით, ენგურჰესისა და ვარდნილჰესის რეაბილიტაცია იწყება და სამ წელიწადში, ორივე ელექტროსადგურის სიმძლავრეები თავის ისტორიულ დონეზე ავა.

როგორც თურნავა აცხადებს, აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზე აფხაზურ მხარესთან რაიმე კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა ქართული მხარის გადაწყვეტილებით აფხაზეთის რეგიონი ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩება.

„ენგურჰესი ემსახურება სრულიად საქართველოს, ვგულისხმობთ რიგით მოსახლეობას, ჩვენს აფხაზ დებს და ძმებს, რომლებიც საკმაოდ რთულ სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენი ვალია, მათ დავეხმაროთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები