ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

“ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება”, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ასამბლეის ზამთრის სესიის მიმდინარეობის შესახებ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

დეპუტატმა, რომელიც დღეს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს, კოლეგებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოსთვის თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, პირველი სესია საინტერესოდ დაიწყო და ქართულმა დელეგაციამ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი გადადგა.

“ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც განიხილებოდა, ეხებოდა რუსეთის დელეგაციის აღიარებას და ამასთან დაკავშირებით, გვქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია, გავიარეთ კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ბალტიისპირეთიდან, უკრაინიდან და შევჯერდით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენებდით დელეგაციის აღიარების საკითხს იმ უხეში წინააღმდეგობების გამო ევროსაბჭოს პრინციპებთან, რომელიც ახასიათებს რუსეთის ფედერაციას. ჩვენ ეს გზავნილი გავახმოვანეთ ევროპის საბჭოს სესიაზე და უკვე კომიტეტები იმსჯელებენ იმასთან დაკავშირებით, რამდენად მიზანშეწონილია რუსეთის ფედერაციის დელეგაციის აღიარება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ჩვენი დელეგაციის მიერ სხვა დელეგაციებთან ერთად”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სასესიო კვირის დღის წესრიგზე საუბრისას, პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განმარტა ისიც, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ყურადღებას როგორც უშუალოდ საქართველოსთან, ასევე, ევროპის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაამახვილებენ.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში პირველად ვმონაწილეობთ ახალი შემადგენლობით. ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფორმატსა და სამუშაო პროცესებში. საინტერესო შეხვედრები გვქონდა ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფში. განწყობა შესანიშნავია, აქტიურად ვიწყებთ მუშაობას ახალი შემადგენლობით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, კარგად აისახება ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე. ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვა”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები