არჩილ თალაკვაძე: თებერვლიდან ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება და ჩვენს მეგობრებს აშშ-ს კონგრესში, სრულ არგუმენტაციას მივაწვდით
თებერვლიდან ინტენსიური კომუნიკაცია გვექნება, მათ შორის პოლიტიკურ კონტექსტზეც და ჩვენს მეგობრებს აშშ-ს კონგრესში სრულ არგუმენტაციას მივაწვდით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აშშ-ის კონგრესმენების წერილებს.
თალაკვაძის თქმით, ქვეყანაში არის ხალხი, ვისაც საქართველოს მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები უხარია.
“ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს ვიზიტები, რამდენიმე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრა შედგება თებერვლიდან და რა თქმა უნდა ჩვენ გვექნება ინტენსიური კომუნიკაცია, მათ შორის პოლიტიკურ კონტექსტზეც, სრულ არგუმენტაციას ჩვენს მეგობრებს აშშ-ს კონგრესში მივაწვდით. მესმის არის ხალხი, ვისაც კრიტიკული განცხადებები საქართველოს მისამართით უხარია, ასევე ჩვენს ქვეყანაში და პოლიტიკაში არიან პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებზე პასუხებს მოამზადებენ და ვისაც კოლეგებთან ნორმალური დიალოგი ექნება”, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, კონგრესმენები წერილებში საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ.