გრიგოლ ვაშაძე: ე. წ. დეპუტატები ჯგუფურად გაუსწორდნენ ხაბეიშვილს და უმოწყალოდ სცემეს

თბილისის საკრებულოს წევრს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ანტიკორუფციული ჯგუფის წევრს ,ლევან ხაბეიშვილს ტურებივით დაესხნენ თავს ე.წ დეპუტატები, – ამის შესახებ, პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა ვინ რას წარმოადგენს.

“დღეს, ე. წ. დეპუტატები ჯგუფურად გაუსწორდნენ ხაბეიშვილს და უმოწყალოდ სცემეს. შემდეგ კი განცხადებებიც გააკეთეს, რომ ხაბეიშვილმა ის მიიღო, რაც ეკუთვნოდა. კიდევ ერთხელ დაინახა ყველამ, რომ ამ ე.წ. “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში გაჩერება არ შეიძლება. რატომ დაესხნენ თავს ლევან ხაბეიშვილს? იმიტომ რომ, ეს ადამიანი ფაქტებით და ციფრებით ამხელს ყველას. არ მოგწონთ ლევან ხაბეიშვილის მოძიებული ციფრები და ფაქტები? მოკიდეთ მის განცხადებებს ხელი და მიბრძანდით სასამართლოში. მითუმეტეს რომ სასამართლო თქვენს ხელშია და კანონის ენით დაელაპარაკეთ და მოსთხოვეთ პასუხები”,- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ცნობისათვის, დღეს თბილისის საკრებულოში სპორტის, განათლებისა და სარევიზიო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე ხმაური იყო. სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც “ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ლევან ხაბეიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები