ნინო ლომჯარია: მოვუწოდებ მთავრობას, მომცენ ჩემი თანამშრომლების საქმიანობის, უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციურ სისტემაში
“მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მომცენ ჩემი თანამშრომლების საქმიანობის, უსაფრთხოების გარანტიები პენიტენციურ სისტემაში”, – ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, თუ პატიმრებს 25 წლის განმავლობაში მოპოვებული ნდობა შეერყევათ ომბუდსმენის ინსტიტუტის მიმართ, ეს ფაქტი პატიმრების მხრიდან გამოიწვევს სახალხო დამცველთან ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად შეზღუდვას.
სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრსაც მიმართა.
“საქართველოს სახალხო დამცველს სურს გამოეხმაუროს 2020 წლის 23 იანვარს სპეციალური პენიტენციური სამსახურის/იუსტიციის სამინისტროს მიერ სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის თაობაზე დეტალების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტს.
გვსურს ყველას შევახსენოთ, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის – როგორც კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობა ეფუძნება ისეთ უმნიშვნელოვანეს და ფუნდამენტურ პრინციპებს როგორიცაა, სრული დამოუკიდებლობა ხელისუფლების ნებისმიერი შტოსგან, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საქმიანობის განხორციელების დროს კონფიდენციალურობა. სახალხო დამცველის ინსტიტუტი, რომლის არსებობა 25 წელს ითვლის, სწორედ აღნიშნული პრინციპების დაცვით საქმიანობს. მანდატის ბუნებიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, სახალხო დამცველისთვის მოწოდებული როგორც ინფორმაცია, ისე კონკრეტულ პატიმართან შეხვედრის სხვა დეტალები, უნდა იყოს კონფიდენციალური.
ფუნდამენტური პრინციპების ხელყოფის გარდა, სპეციალური პენიტენციური სამსახურის/იუსტიციის სამინისტროს მიერ უხეშად დაირღვა საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია. საგანგაშოა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის არსებობის მანძილზე ამგვარ ქმედებას პირველად ჰქონდა ადგილი.
იმ საკითხის გასაჯაროება თუ ვის ხვდება სახალხო დამცველი, ზრდის პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან/და უკანონო ქმედების განხორციელების რისკს, იწვევს მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას. მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ შესაძლოა აიძულოს პატიმრები თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მომართვისა და მასთან შეხვედრისგან. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ყველა პატიმარს გაუჩნდება ეჭვი, რომ მათი და სახალხო დამცველის შეხვედრის დეტალებს მეთვალყურეობს იუსტიციის სამინისტრო/პენიტენციური სამსახური და ის ნებისმიერ დროს შესაძლებელია გასაჯაროვდეს უწყების მიერ.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა ისჯება კანონით. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის მიხედვით, სახალხო დამცველი წარმოადგენს ქვეყანაში პრევენციის ეროვნულ მექანიზმს. ოქმის 21-ე მუხლის მიხედვით, პირადი მონაცემები არ უნდა გამოქვეყნდეს დაინტერესებული მხარის მკაფიო თანხმობის გარეშე.
ის საკითხი თუ ვის შეხვდება სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მისი გამჟღავნება წარმოადგენს სახალხო დამცველის საქმიანობაში ჩარევას, მასზე ზემოქმედებისა და მისი სამსახურეობრივი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით. მოცემული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით განსაზღვრულ დანაშაულს.
გუშინდელი განცხადება წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის წინააღმდეგ დაწყებული პოლიტიკური თავდასხმის კამპანიის გაგრძელებას. სახიფათო და დაუშვებელია იუსტიციის მინისტრის მიერ ისეთი უწყების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, როგორსაც წარმოადგენს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სადაც სასჯელს იხდიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებისა თუ მსოფლმხედველობის პირები. მოცემულ ფაქტს უნდა მოჰყვეს დაუყოვნებლივი სამართლებრივი რეაგირება და ყველა ის პირი უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რომელმაც სცადა სახალხო დამცველზე ზემოქმედება მისი საქმიანობისთვის ხელშეშლის მიზნით.
მივმართავთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით და პასუხისმგებლობაში მისცეს შესაბამისი პირები მათი თანამდებობრივი სტატუსის მიუხედავად”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.