თეა წულუკიანი: თუ ოპოზიცია არ დათანხმდება იმ საარჩევნო მოდელს, რაც ჩვენ შევთავაზეთ, მოუწევთ, პროპორციული მოდელის თაობაზე აკვიატება გამოიგლოვონ
თუ ოპოზიცია არ დათანხმდება იმ საარჩევნო მოდელს, რაც ჩვენ შევთავაზეთ, მოუწევს, რომ პროპორციული მოდელის თაობაზე აკვიატება გამოიგლოვოს, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა “იმედის” ეთერში “ქრონიკაში” განაცხადა.
მინისტრის თქმით, 2024 წელს სრულიად პროპორციული სისტემა დარჩება ძალაში თუკი, 2020 წლის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება.
“თუ არ დათანხმდებიან იმ მოდელს, რაც ჩვენ შევთავაზეთ მათ მართლაც მოუწევთ, რომ თავიანთი ეს პროპორციული მოდელის თაობაზე აკვიატება გამოიგლოვონ იმიტომ, რომ ჩვენ ნება გვქონდა, როდესაც კონსტიტუციას ვცვლიდით, რომ პროპორციული არჩევნები ყოფილიყო ამ ქვეყნის წესი. ამ ნების რეალიზება მომხდარია და ამ ნების მუდმივობა ჩვენ ვაჩვენეთ, კონსტიტუციაშიც შეიტანა მმართველმა პარტიამ ისე, რომ ოპოზიციური სპექტრი ამ პროცესს არ დახმარებია, პირიქით ხელს უშლიდა და ფარისევლურად აცხადებდა, რომ პროპორციული არჩევნები უნდათ, მაგრამ მხარს არ დაუჭერენ ახალ კონსტიტუციას. დღეს არის დღევანდელი დღე, დღეს ჩვენ ვთავაზობთ 2020 წლის არჩევნებზე უფრო პროპორციულ მოდელს, ხოლო 2024 წელს სრულიად პროპორციული სისტემა დარჩება ძალაში თუკი 2020 წლის არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.