მიხეილ კალანდიას ძმა: გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია, ორი წელია კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თავზე გადაგვიარა
თბილისის საქალაქო სასამართლოში, დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომაზე ხმაური იყო, სადაც მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ. საპირფარეშოს ეპიზოდზე საუბრისას, სხდომა პროტესტის ნიშნად ზაზა სარალიძემ დატოვა, რასაც მიხეილ კალანდიას მამისა და ძმის მხრიდან რეპლიკა მოჰყვა.
მიხეილ კალანდიას ძმის, ლუკა კალანდიას თქმით, გაღიზიანება სარალიძის ფრაზამ გამოიწვია.
„გაღიზიანება ზაზა სარალიძის ფრაზამ გამოიწვია, ზურაბ თოდუას რომ უთხრა, ეს იყო განაჩენიო. რას ეძახის განაჩენს, ამდენი ხანი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება რომ არ გამოჩნდა და იმას, რომ გარიგებაზე მიდის მკვლელებთან, რომ მიხეილ კალანდია დაიჭირონ? ეს იყო ჩვეულებრივი პროვოკაცია სარალიძის თანმხლები პირის მხრიდან, რომელმაც მამაჩემს უთხრა, გამოდი შენ ერთი გარეთო. რომელი ადამიანი მოითმენდა ამას? ამდენი ხანია შეურაცხყოფას ვითმენთ, ხმას არ ვიღებთ და ეს იმას ნიშნავს, რომ თავმოყვარეობა არ გვაქვს? ამდენი ხანი გარდაცვლილების სულებს პატივს ვცემდით, ორი წელი კალანდიები ჩუმად ვიყავით და ყველამ თავზე გადაგვიარა. დღეიდან ყველას გაეცემა პასუხი სამართლებრივად”, – განაცხადა ლუკა კალანდიამ.