ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი წარმატება ევროპული და ევროატლანტიკური ევროინტეგრაციის მიმართულებით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომასაც დაესწრო.

როგორც მან სხდომაზე აღინიშნა, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა და მას აქვს მკაფიო, დემოკრატიული დღის წესრიგი.

მან ასევე ყურადღება ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარედ შექმნილ მძიმე ვითარებასა და ჰუმანიტარულ კრიზისზე გაამახვილა.

„ჩვენ გვქონდა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში შეხვედრა, სადაც ნატოს ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები არიან. ამ შეხვედრაზე ძალიან ფართოდ ვისაუბრეთ. პირველ რიგში, მიმდინარე რუსულ ოკუპაციასა და ადგილზე შექმნილ ვითარებაზე, ბორდერიზაციის ბოლო და ძალიან შემაშფოთებელ ეპიზოდებზე, ადამიანების უკანონო დაკავებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა პრაქტიკაზე, იმ ძალიან მძიმე შემთხვევებზე, რომელსაც 4 ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა და დამნაშავეები კვლავ დაუსჯელნი დადიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

ვისაუბრე განსაკუთრებით მწვავედ ახალგორში შექმნილ ჰუმანიტარულ კრიზისზე. რა თქმა უნდა ჩვენ პარტნიორებს ვთხოვეთ დახმარება, მათ შორის რუსეთთან კომუნიკაციის ფარგლებში, იმ საკითხში, რომ დაუყოვნებლივ და წინაპირობების გარეშე აღდგეს მიმოსვლა. ძალიან დიდი დრო დაეთმო ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის, კერძოდ კი „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ინიციატივის განხილვას, იმ მაღალი ინტერესის თაობაზე, კონკრეტული მონაცემების გაზიარებას, რაც გამოხატა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ, საზოგადოებამ, ყველა ეთნიკურმა ჯგუფმა, მათ შორის აფხაზებმა და ოსებმა”,-აღნიშნა მინისტრმა.

​მისივე თქმით, წარმატება ევროპული და ევროატლანტიკური ევროინტეგრაციის მიმართულებით, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

“ძალიან მიხარია, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს ძალიან ერთსულოვანი და მყარი მხარდაჭერა, რაც დღეს ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. ეს ჩვენთვის არის ძალიან მყარი საფუძველი იმისა, რომ განვაგრძოთ მუშაობა, მიუხედავად იმ რთული გარემოსი, რომლიც განპირობებულია რუსეთის მხრიდან ბარიკადების მშენებლობით, გადაადგილების ხელოვნური შეზღუდვით და ფაქტობრივად იმ ადამიანებზე ზეწოლით, რომლებსაც სჭირდებათ, უნდათ და გამოხატავენ კიდეც ინტერესს დანარჩენ საქართველოსთან კომუნიკაციის. ეს არის ერთადერთი გზა, ეს არის მშვიდობიანი გზა ეს არის კონსტურქციული გზა, ეს არის ადამიანების კეთილდღეობაზე გათვლილი გზა და ასევე აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ გამოვნახოთ გამოსავალი. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ამ ინიციატივის განხორციელებას, იმედი გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის.

ვისაუბრეთ კონკრეტულ ინსტრუმენტებზეც, როგორიც არის მშვიდობის ფონდი და მე მაქვს განცდა იმისი, რომ ჩვენი პარტნიორები მომავალშიც იქნებიან ძალიან ჩართულნი, იმიტომ რომ საქართველო, როგორც მათ აღნიშნეს, არის გამორჩეული ქვეყანა რეგიონში, მას აქვს ძალიან მკაფიო, დემოკრატიული დღის წესრიგი. რა თქმა უნდა ჩვენი წარმატება ევროპული და ევროატლანტიკური ევროინტეგრაციის მიმართულებით, როგორც მთლიანად ქვეყნის პროგრესის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის არის აუცილებელი წინაპირობა”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები