ოზურგეთელმა ლევან ქავჟარაძემ საფრანგეთის ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ნიცაში, “ანრი დეგლანის“ სახელობის 46-ე საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში, საქართველოს ნაკრებმა ლიდერობა არ დათმო და პირველი ადგილი დაიკავა. ტურნირის გამარჯვებულები ლევან ქავჟარაძე (63 კგ) და რამაზ ზოიძე (67 კგ) გახდნენ.

ლევან ქავჟარაძემ თავისი კარიერა ოზურგეთში დაიწყო. მისი მწვრთნელი ალექსანდრე ბოლქვაძე გახლდათ, რომელიც ადრეულ ასაკში დაიღუპა. 2012 წელს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, მისით საქართველოს ეროვნული ნაკრები დაინტერესდა და მას შემდეგ ნაკრების წევრია.

როგორც “რეგიონულ კვირას” ახალგაზრდა სპორტსმენი უყვება, მის კარიერაში ყველაზე წარმატებული 2019 წელი იყო. ამბობს, რომ 2020 წელს ახალი გამოწვევებს და კიდევ მეტ წარმატებას ელოდება.

“ამ წელს ბევრი ახალი გამოწვევა მაქვს და იმედია, რომ წარმატებით გავუმკლავდები. თებერვალში ევროპის ჩემპიონატზე მივდივარ, კიდევ არის დაგეგმილი სხვა ტურნირები,”- ამბობს ქავჟრაძე.

საქართველოს ეროვნული ნაკრების და ლევანის პირადი მწვრთნელიც ბექა როყვა გახლავთ. მისი წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად ლევანი მწვრთნელის მონდომებას და გვერდში დგომას ასახელებს.

“ჩემი წარმატება, უპირველესად, ჩემი მწვრთნელის დამსახურებაა. პატარა ასაკში სპორტს ბევრჯერ დავანებე თავი, მაგრამ მან არ მომცა ამის საშუალება. იყო პერიოდი, მის სახლში ვცხოვრობდი და ვვარჯიშობდი. ბექა რომ არა, ვერაფერს მივაღწევდი”,- გვიყვება ახალგაზრდა სპორტსმენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები