ზაზა სარალიძე: მე მაინტერესებს, ითქვას სიმართლე, ვის რამდენ წელს მისცემენ, მაგის გარკვევას არ დავიწყებ
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ჯანაშიას მიმართ, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელის შემსუბუქების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მთავარია ითქვას სიმართლე, რადგან ვის რამდენ წელს მიუსჯიან მას არ აინტერესებს.
“იურიდიული საკითხები მე არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს მთავარი – ითქვას სიმართლე. ვის რამდენ წელს მისცემენ, მაგის გარკვევას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ჩემს შვილთან შეფარდებით ვერანაირ წელს ვერ დავუწყებ დათვლას. ვის რამდენ წელს მისცემენ, ეს კანონს აინტერესებს, თორემ მე არ მაინტერესებს.
ყველაფერი შესაძლებელია, არამარტო მენაბდეზე, დანარჩენ სხვა პირებზეც ყველაფერი შესაძლებელია. უბრალოდ, სიღრმისეულ დეტალებში, ამ ეტაპზე, ვერ შევალ”,- განაცხადა ზაზა სარალიძემ.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჯანაშიას სასჯელი შეუმსუბუქდება.
გიორგი ჯანაშიამ დანაშაული აღიარა. პროკურორი ამბობს, რომ მსჯავრდებულმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიწოდა. რამდენ წელს ჩამოაკლებენ ჯანაშიას, რომელსაც 11 წელი აქვს მისჯილი, სავარაუდოდ, 24 იანვარს, უზენაესი სასამართლოს პირველ მოსმენაზე გაირკვევა. სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა ადვოკატების მოთხოვნით გადაიდო.