სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 მრავალსართულიანი კორპუსი შენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიშტიბში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის 8 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას ახორციელებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, იძულებით გადაადგილებულ 560 ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესდება და ახალ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად რეაბილიტირებულ სახლებში იცხოვრებენ.
პროექტი 2019 წლის იანვარში დაიწყო და 2020-2021 წლებში ეტაპობრივად დასრულდება.
პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 33 მილიონ ლარზე მეტია.
პროექტი ითვალისწინებს საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას. დამონტაჟდება გარე განათება, ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედანი. თითოეულ კორპუსს ექნება საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართება სანიაღვრე სისტემები.
საცხოვრებელი ბინები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
წყალტუბოს გარდა, მუნიციპალური განვითარების ფონდი იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას ზუგდიდსა და ქუთაისში ახორციელებს. პროგრამა საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 2019-2020 წლებში 145 მილიონი ლარია. ჯამში, პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართით 2440 ოჯახი დაკმაყოფილდება.