ირაკლი აბუსერიძე: ყველა ადამიანის ინიციატივა იქნება გათვალისწინებული, რაც ქართული რაგბის პროგრესს უზრუნველყოფს
ვეტერანი ლეგენდარული მორაგბე საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე მონაწილეობას რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მიიღებს, რომელიც 30 იანვარს იმართება.
აბუსერიძემ საკუთარი კანდიდატურა რაგბის კავშირში უკვე დაარეგისტრირა.
„ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ყველა ის ადამიანი, ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ გამოცდილება, ხედვები ყველა ადამიანის ინიციატივა იქნება გათვალისწინებული, რაც ქართული რაგბის პროგრესს უზრუნველყოფს. განსაკუთრებით ყურადღება 7-კაცა რაგბის, ქალთა რაგბის, სასკოლო და სტუდენტურ რაგბის, ბავშვთა რაგბის დაეთმობა. ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად შევეცდებით გავაუმჯობესოთ და შევქმნათ ახალი სარაგბო ინფრასტრუქტურა. თბილისის ცენტრალურ უბნებში არ გვაქვს ერთი სარაგბო მოედანიც კი. ვარაზის ხევში სარაგბო მოედნისთვის გათვალისწინებული ადგილი ამჟამინდელმა ფედერაციამ გაყიდა. იქ სტანდარტული მოედანი არ აშენდებაო. ჯერ ერთი ბავშვს, მოზარდს არ სჭირდება სტანდარტული მოედანი,”- განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე ასევე რაგბის კავშირში არსებულ საარჩევნო სისტემზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ვითარება სერიოზულ კითხვებს ჰბადებს.
„რაც შეეხება რაგბის კავშირში არსებულ საარჩევნო სისტემას. ეს სერიოზულ კითხვებს ჰბადებს. ყველა კლუბს პატივს ვცემ, მაგრამ როგორ შეიძლება დიდ, ისტორიულ სარაგბო კლუბსა და ახლახანს დაარსებულ სარაგბო კლუბს ხმების იგივე რაოდენობა ჰქონდეთ. ასე რომ, ქართულ რაგბის რთული გზა აქვს გასავლელი და იმედი მაქვს ამ გზას ყველა ერთად წარმატებით გავივლით,”- განაცხადა ირაკლი აბუსერიძემ.
ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს ნაკრებში ჰავბეკის პოზიციაზე 86 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან 15-ჯერ ეროვნულ გუნდს კაპიტნის რანგში გაუძღვა.
აბუსერიძე ნაკრების კვართით 5 ლელო აქვს დადებული.
ასევე აღსანიშნავია, რომ ,,აბუ” მსოფლიოს თასის 3-გზის მონაწილეა. ,,ბორჯღალოსნებთან” ერთად კი 5-ჯერ ერთა თასი აქვს მოპოვებული.
ამჟამად რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე ბრძოლას მოქმედი პრეზიდენტი გოჩა სვანიძე, ბაჩო ხურციძე და ირაკლი აბუსერიძე აპირებენ.