დავით ზალკალიანი: საქართველო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის
საქართველო იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციისთვის, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს განვითარებული ვითარების კომენტირებისას განაცხადა.
დავით ზალკალიანის განცხადებით, ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან, ტოივო კლაართან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და საოკუპაციო ხაზთან ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.
მისი თქმით, შეხვედრაზე მკაფიოდ აღინიშნა უკანონო პროცესების მიუღებლობა და საერთაშორისო თანამეგობრობის სათანადო რეაგირების აუცილებლობა.
„ტოივო კლაართან შეხვედრისას გვქონდა ძალიან დეტალური საუბარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. მკაფიოდ დავაფიქსირე საქართველოს პოზიცია იმ არაკანონიერ საოკუპაციო პროცესებთან მიმართებაში, რაც არის დაკავშირებული ე.წ. ბორდერიზაციასთან. ევროკავშირის წარმომადგენელს, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი აქტორი ჟენევის პროცესში, მივმართე, რომ ეს საკითხი განსაკუთრებული სიმწვავით იყოს დაყენებული მათ ორმხრივ დიალოგში რუსეთის ფედერაციასთან, ასევე საოკუპაციო რეჟიმებთან კომუნიკაციის დროს,“-აღნიშნა ზალკალიანმა შეხვედრის დასრულების შემდგომ.
საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიუღებელია საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჰუმანიტარული საკითხების საკუთარი, უკანონო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენება და აუცილებელია აღნიშნული პროცესის შეჩერება.
მისი თქმით, საგარეო უწყება იყენებს ყველა არსებულ მექანიზმს ამისათვის, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებს. დავით ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული საკითხი განხილული იქნება მისი ვიზიტების დროს სტრასბურგსა და ვენაში, სადაც იგი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს ფორმატში, ასევე ვენაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს ეუთო-ს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე და ასევე გამართავს ორმხრივ შეხვედრებს ეუთო-ს ფარგლებში.
„მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს პროცესები წაიყვანოს ესკალაციის მიმართულებით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამას დავუპირისპიროთ ჩვენი თანმიმდევრული პოზიცია, როგორც ეს იყო წინა მსგავს შემთხვევებში და ვეცადოთ მოვახდინოთ საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მობილიზაცია და კონსოლიდაცია და ასევე ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი იყოს მაქსიმალურად გამოყენებული შემდგომი დეესკალაციის მისაღწევად“,- განაცხადა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ქართული მხარე წარადგენს თანათავმჯდომარეებთან წინადადებებს იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს ადგილზე თავისუფალი გადაადგილების უზრუნველსაყოფად.
„თავის მხრივ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების გასახსნელად, რადგან მოსახლეობა არ აწყდებოდეს იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც ისინი დღეს დგანან. ტოივო კლაარის ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული საკითხი და ბოლო განვითარებები საოკუპაციო ხაზზე იქნება თანათავმჯდომარეების შეხვედრების მთავარი საკითხები საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრისას“, – აღნიშნა მინისტრმა.