საქსტატი რეპეტიტორების, ასევე ბინის გამქირავებლების რაოდენობასა და მათ შემოსავლებს დაითვლის
საქსტატი ე.წ. ჩრდილოვანი ეკონომიკის,ანუ რეპეტიტორებისა და ბინის გამქირავებლების რაოდენობისა და მათი შემოსავლების აღრიცხვას იწყებს. დიდი ალბათობით, მას შემდეგ რაც ეკონომიკის ამ სექტორის სრული სტატისტიკური სურათი დაიდება რეპეტიტორებსაც და ბინის გამქირავებლებსაც საგადასახადო ვალდებულებები დაეკისრებათ.
სპეციალისტები საქსტატის ამ ინიციატივას დროულს და აუცილებელს უწოდებენ, მათი თქმით და საქსტატის მონაცემებით, საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მინიმუმ 13 პროცენტია და თუ ეკონომიკის ეს ნაწილი საგადასახადო ადმინისტრირებას დაექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტს გარკვეული შემოსავლები შეემატება.
სპეციალისტების განმარტებით, ეს თანხა არც ისე დიდი იქნება და შესაბამისად ვერც ფისკალური ეფექტი იქნება მაღალი, თუმცა ეკონომისტების შეფასებით აქ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებაა. როგორვ ეკონომისტი და სტატისტიკის სპეციალისტი სოსო არჩვაძე კვირის პალიტრასთან საუბარში აცხადებს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სოციალური სამართლიანობის და ფისკალური დისციპლინის შემოტანის ფუნქცია. მისი თქმით, საზოგადოების ყველა წევრმა, მიუხედავად იმისა, ბიზნესმენია, დაქირავებით დასაქმებული თუ საკუთარი უნარების გამოყენებით იღებს შემოსავლებს, უნდა გაითავისოს, რომ საბაზრო ეკონომიკაში გადასახადის გადახდა გარდაუვალი აუცილებლობაა. გარდა ამისა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საქსტატის ეს ინიციატივა საშუალებას იძლევა განისაზღვროს ქვეყნის ეკონომიკის რეალური მოცულობა, რაც პოტენციურ ინვესტორებს პრიორიტეტების სწორად შერჩევაში დაეხმარება.
როგორც ეკონომისტი შოთა გულბანი აცხადებს, თუ მაგალითად ინვესტორი გაიგებს,რომ ბინის გაქირავების ბიზნესში არა 100 მილიონი,არამედ 300 ან 400 მილიონი ტრიალებს ის ამ სფეროთი დაინტერესდება და შესაბამის კაპიტალდაბანდებასაც განახორციელებს.
საქსტატის აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით სპეციალისტები გარკვეულ უარყოფით მომენტზეც საუბრობენ. მათი თქმით, ეკონომიკის ამ სეგმენტის ლეგალიზაცია ფასების ზრდას გამოიწვევს და მომსახურების საფასურს გაზრდიან როგორც რეპეტიტორები ასევე ბინის გამქირავებლები.
აქვე შეგახსენებთ,რომ ჯერ-ჯერობით უცნობია რა მეთოდით აპირებს საქსტატი რეპეტიტორების,ასევე ბინის გამქირავებლების და მათი შემოსავლების აღრიცხვას.