განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა. ღონისძიება იტალიის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.

შეხვედრას იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებული სტუდენტები დაესწრნენ, პრეზენტაციაზე იტალიის აქვილასა და მოდენას უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სტუდენტებს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, უნივერსიტეტში მიღებისა თუ სწავლის პროცედურების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

შეხვედრები იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან 23 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება, მომდევნო დღეებში დაგეგმილია ბოლონიისა და პიემონტის უნივერსიტეტების, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის, მილანის ბიკოჩას უნივერსიტეტის, ასევე, სიენასა და სასარის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრები. 22 იანვარს პროგრამით დაინტერესებულ საზოგადოებას იტალიის ელჩი საქართველოში – ენრიკო ვალვო და განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი – ნინო ჭელიძე შეხვდებიან.

პროგრამა – „Doctorate Lab – მომავალი დოქტორანტებისათვის’’ ხორციელდება ცენტრის საერთაშორისო პარტნიორების – საქართველოში იტალიის, უნგრეთისა და საფრანგეთის საელჩოების მხარდაჭერით, რომლებიც უზრუნველყოფენ შესაბამისი ქვეყნებიდან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელების საქართველოში მოწვევას და ვიზიტის ორგანიზებას.

აღნიშნული პროგრამის მიზანია, საქართველოში უმაღლესი განათლების (დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურის) წახალისება/მხარდაჭერა, ხელმისაწვდომობის გაზრდა საერთაშორისო დონეზე. ასევე, ახალგაზრდა მკვლევრების ხელშეწყობა, რათა საერთაშორისო დონეზე დოქტორანტურის საგანმანათლებლო საფეხურზე ცოდნა გაიღრმავონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები