არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარდაჭერა ექნება

პარლამენტში, მაღალი ალბათობით, იქნება ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან ექნება მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ირაკლი შოთაძემ თანამდებობის დატოვებით ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.

„ერთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რაზეც საზოგადოების ინტერესი იყო ძალიან მაღალი და იყო პროტესტი დაზარალებულთა მხრიდან, საზოგადოებას ჰქონდა კონკრეტული კითხვები მასთან დაკავშირებით. ის დადგა არჩევანის წინაშე, არის თუ არა მისთვის მორალური პასუხისმგებლობა უფრო მთავარი, თუ თანამდებობა და სკამი. ამ მომენტში მიიღო მან ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება, დატოვა თანამდებობა და აჩვენა მშობლებს, დაზარალებულებს, რომ თანამდებობა არ არის მთავარი. მისთვის მთავარია მორალური ღირებულებები, მორალური სტანდარტი იყოს დაცული და მან დატოვა თანამდებობა. დღეს, როდესაც მისი თანამდებობა ხელახლა განიხილება, პარლამენტში მაღალი ალბათობით იქნება მისი კანდიდატურა წარმოდგენილი, ვფიქრობ, რომ უმრავლესობის მხრიდან ექნება მხარდაჭერა“,- განაცხადა თალაკვაძემ.

გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს 16 იანვარს წარედგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები