შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ბ.ნ.-ს, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს – ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით სურამში ლევან ლომიძემ ყოფილი მეუღლე ბეტა ნაჭყებია ნაჯახით მოკლა. გარდაცვლილს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აღენიშნებოდა.