გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავეს (ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
1975 წელს დაბადებული დ.ს.-ის, 1982 წელს დაბადებული ი.ა.-ის და 1992 წელს დაბადებული ბ.ჯ.-ის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში, დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს – 1987 წელს დაბადებულ ბ.ე.-ს, რის შემდეგაც იგი ავტომანქანით თბილისის მიმართულებით წაიყვანეს. გამომძალველები მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდნენ დაზარალებულის ძმას და მას 130 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძმის – ბ.ე.-ს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.
პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, აღნიშნული ავტომობილი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში შეაჩერა და დანაშაულში მონაწილე სამივე პირი დააკავა.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” და „გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.