ხიბულაში გამსახურდიას სახლ-მუზეუმის გვერდით ტაძრის მშენებლობა მიმდინარეობს

სოფელ ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლ-მუზეუმის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე ტაძრის საფუძვლის კურთხევა მოხდა. წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის ტაძართან ერთად ტერიტორიაზე სამრევლო სკოლა და სამრეკლო აშენდება, მოეწყობა სკვერი. ეკლესიის საძირკველი დღეს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აკურთხა. კომპლექსის მშენებლობას ფონდი ,,ქართუ” აფინანსებს.

კურთხევის ცერემონიალს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მერი გოჩა ქაჯაია და პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია დაესწრნენ.

ძველ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, სოფელში უკვე დასრულდა ორსართულიანი საბავშო ბაღის მშენებლობაც, ტაძრის მსგავსად ამ პროექტებსაც „ქართუ ჯგუფი” ახორციელებს.

სოფელ ძველ ხიბულაში, ეკლესიის, ახალი საბავშვო ბაღის აშენებას და ზვიად გამსახურდიას მუზეუმის გახსნას ადგილობრივ მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილი 2019 წლის 29 მარტს დაპირდა, როცა „ქართული ოცნების” ლიდერმა ძველ ხიბულაში ის სახლი მოინახულა, სადაც ზვიად გამსახურდიამ სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები