ანრი ოხანაშვილი: ირაკლი შოთაძე პროფესიონალია, რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გენპროკურორობიდან გადამდგარი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენა შეაფასა.
მისი თქმით, ირაკლი შოთაძე პროფესიონალია და მის სახელს ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის გახსნა უკავშირდება.
“ეს ადამიანი არის პროფესიონალი. მის სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი გახმაურებული საქმის გახსნა, სამართლიანობის აღდგენის კუთხით არაერთი მნიშვნელოვანი საქმის გამოძიება. ჩვენს საზოგადოებას ირაკლი შოთაძემ თავი დაამახსოვრა, ეს არის მისი ღირსეული ნაბიჯი, როდესაც მან დატოვა თანამდებობა და მისთვის საზოგადოების აზრი, განწყობა იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ის მახასიათებლები, რომლის გამოც მე, ამ ადამიანს რა თქმა უნდა მხარს დავუჭერ”,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
ცნობისთვის, იურისტ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.
დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარმოდგენილი. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა საჯაროა და მონაცემები საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე http://pc.gov.ge აიტვირთება.
კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.