“ენდიაი” – გამოკითხულთა 82% საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, ხოლო ნატო-ში გაწევრიანებას – 74%
“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი ოთხი პროცენტით არის გაზრდილი და 82 პროცენტს შეადგენს”, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაშია ნათქვამი.
კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 82% აცხადებს, რომ მისაღებია, ხოლო 10%-თვის მიუღებელია, რვა პროცენტმა კი არ იცის.
წინა კვლევის მონაცემებით, რომელიც 2019 წლის ივლისის პერიოდს მოიცავდა, ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა მაჩვენებელი 78 პროცენტი იყო, მოწინააღმდეგეთა კი 14 პროცენტი.
რაც შეეხება ნატო-ს, კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს წევრი, გამოკითხულთა 74 პროცენტი აცხადებს, რომ მისაღებია. მიუღებელია 14 პროცენტისთვის, ხოლო 11-მა პროცენტმა არ იცის.
ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
„ენდიაის“ კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს „CRRC-საქართველო“. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.