“ენდიაი”: კვლევის თანახმად, ინსტიტუტებს შორის საქართველოს ჯარი, მართლმადიდებელი ეკლესია და პოლიცია ლიდერობენ

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, საქართველოს ჯარს კარგად გამოკითხულთა 44 პროცენტი, ძალიან კარგად რვა პროცენტი, საშუალოდ 31, ხოლო ცუდად ცხრა პროცენტი აფასებს.
გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ინსტიტუტების შეფასებაში მეორე ადგილზეა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის საქმიანობასაც ძალიან კარგად 13 პროცენტი, კარგად – 37 პროცენტი, საშუალოდ – 25 პროცენტი, ხოლო ცუდად – 10 პროცენტი აფასებს.
ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს პოლიციას ძალიან კარგად ექვსი პროცენტი, კარგად – 37 პროცენტი, საშუალოდ – 35 პროცენტი, ხოლო ცუდად – 15 პროცენტი აფასებს.
ინსტიტუტების საქმიანობის შეფასებაში მომდევნო ადგილზეა სასამართლო და პარლამენტი, რომელთა შეფასება, კვლევის ავტორათა განცხადებით, გაუარესებულია.
სასა,ართლოს საქმიანობას ძალიან კარგად ერთი პროცენტი აფასებს, კარგად – ცხრა პროცენტი, საშუალოდ – 29 პროცენტი, ცუდად – 31 პროცენტი, ხოლო ძალიან ცუდად – 14 პროცენტი.
​რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა ერთი პროცენტი აფასებს, კარგად – რვა პროცენტი, საშუალოდ – 27 პროცენტი, ცუდად – 40 პროცენტი, ხოლო ძალიან ცუდად – 17 პროცენტი.
კვლევის ავტორთა თქმით, ჯარისა და პოლიციის საქმიანობის შეფასება სტაბილურია. ეკლესიის დადებითი შეფასება კი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არის დაღმავალი საშუალოსა და ცუდს შორის.
ავტორების ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.
“ენდიაის” კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს “CRRC-საქართველო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები