რატი იონათამიშვილი: ჩვენი უპასუხისმგებლო ოპონენტებისგან ყოველდღიურად გვესმის მოწოდება ძალადობაზე, რაც პირდაპირი წახალისებაა მათი აქტივისტებისათვის
ჩვენი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან სამწუხაროდ, ყოველდღიურად გვესმის მოწოდება ძალადობაზე, ურთიერთშეურაცხყოფაზე, აგრესიაზე, რაც შემდეგ, პირდაპირი წახალისებაა მათი აქტივისტებისათვის, რომ სისრულეში მოიყვანონ ეს ძალადობრივი და აგრესიული მოწოდებები, – ამის შესახებ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ბაკურიანში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსა და პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთ წევრს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, მომხდარი სამწუხარო ფაქტი შემაშფოთებელია იმიტომაც, რომ ინციდენტის დროს მუქარა განხორციელდა პარლამენტის წევრის ოჯახის არასრულწლოვანი წევრების მიმართ.
“ჩემთვის, უაღრესად შემაშფოთებელია ეს ფაქტი და განსაკუთრებით ის, რომ ჩემი კოლეგის და მეგობრის ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის არასრულწლოვანი გოგონების მიმართ, რომელთა შორის უფროსი 6 წლისაა, ასევე განხორციელდა მუქარა”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.