კახა კალაძე: თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი, EBRD-ის მიერ გამოყოფილი თანხის ჩათვლით, მილიარდ ნახევარს მიაღწევს
დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 245 მილიონი ლარია, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით, რომელიც 270 მილიონ ლარს აღწევს, მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის ჯამში დაახლოებით მილიარდ ნახევარი ლარი დაიხარჯება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის 2020 წლის პირველ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი თანხა მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებას მოხმარდება.
„2017 წელს დაახლოებით 815 მლნ იყო დედაქალაქის ბიუჯეტი, წინა წლებში კიდევ უფრო ნაკლები. 2018 წელს ჩვენ მოვახერხეთ, რომ 900 მილიონამდე გაგვეზარდა. ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გადააჭარბებდა მილიარდ ლარს და 2019 წელს ასეც მოხდა. წლევანდელი, 2020 წლის ბიუჯეტი არის დაახლოებით მილიარდ 245 მილიონი ლარი. ეს თანხები ძირითადად დაიხარჯება ორი ძირითადი მიმართულებით: ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება. ამას დაემატება დაახლოებით 270 მილიონი ლარი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად მოწესრიგდეს. დაახლოებით მილიარდ ნახევარი იქნება დედაქალაქის ბიუჯეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაგეგმილი პროექტების თაობაზე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციისკენ მოუწოდა.
„წლევანდელი ბიუჯეტი გამგეობებშიც არის განსხავებული და მეტი პროექტის განხორციელების შესაძლებლობა გექნებათ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, მათი ჩართულობა, განხილვები სხვადასხვა პროექტის თაობაზე. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მაქსიმალურად გაითვალისწინოთ და მივცეთ ადამიანებს შესაძლებლობა, თვითონ განსაზღვრონ პრიორიტეტები – რა უნდათ საკუთარ ქუჩაზე, საკუთარ უბანში, რომ პირველ რიგში გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ადგილობრივების ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, 2020 წელს დაგეგმილია რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება.
„ეს აუცილებელია და სჭირდება ჩვენს ქალაქს. იქნება გარკვეული დისკომფორტი, თუმცა სხვანაირად წარმოუდგენელია სამუშაოების წარმოება. თუ მიწა არ გადაითხარა და ძირეულად არ ჩავატარეთ სამუშაოები, ხვალ-ზეგ ისევ გასაკეთებელი იქნება. მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას ყველა იმ მსხვილი და მასშტაბური პროექტის შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.