საქართველოს პრეზიდენტი გურიაში კალანდას აღნიშვნას დაესწრო

სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის სახლ-მუზეუმში გურულებმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უმასპინძლეს. რადიანის სახლ-მუზეუმში, ყველა ის თვალსაჩინო ტრადიცია იყო წარმოდგენილი, რომელიც ამ დღის აღნიშვნისთვის არის დამახასიათებელი. პრეზიდენტმა გურული მომღერლების მიერ შესრულებული სიმღერების ფონზე მუზეუმის ეზოში სხვადასხვა ტრადიციას გაეცნო, სახელდახელოდ ჩურჩხელაც ამოავლო და კალანდასთვის დამახასიათებელი გურული ღვეზელის დაცხობაშიც მიიღო მონაწილეობა. კალანდა სიმღერა „აგუნას“ გარეშე წარმოუდგენელია, აგუნას სიმღერის და გურული საფუნდრუკოს ცეკვის შემდეგ, მან კალანდის დღესასწაულზე შეკრებილ ხალხს მიმართა და კალანდა მიულოცა.
პირველ რიგში ყველას მოგილოცავთ დღევანდელ კალანდის დღესასწაულს, ეს არის არაჩვეულებრივი დღე, რომელიც შენარჩუნებულია ჩვენს ტრადიციებში. რადგანაც ვართ გურიაში, მინდა გისურვოთ მშვიდობა, მშვიდი წელი იყოს, ჩვენ ერთმანეთს არ ვეჯაჯგუნოთ, ვიყოთ ერთიანი, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს ჩვენი შეხედულებები, ვიყოთ სიყვარულით, ეს არის ამ ქვეყნის ძალა, რომელიც მოდის საუკუნეების მანძილზე. ძალიან ბევრი გავიარეთ, ძალიან ბევრს გავივლით. მაგრამ ვერ გავივლით, თუ არ გვექნება შიგნით ჩვენში ეს განცდა. მე იმას კი არ გთხოვთ, არ გამაკრიტიკოთ, მიდით და მაკრიტიკეთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენი ერთი საერთო მიზანი გაგვაჩნია“,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი იმ აქციასთან დაკავშირებითაც გააკეთა, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა მოაწყვეს, პრეზიდენტის თქმით, პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.
„რამდენიმე ადამიანია შეკრებილი, მე არაფერი ვიცი რატომ არ შემოუშვეს. აქ ელჩებიც არიან, სახალხო დღესასწაულია. მინდა ვთქვა, რომ ვინც რაღაცას აპროტესტებს, გააპროტესტოს, ეს არის თავისუფალი ქვეყანა. მე ამის პროტესტის პროტესტი არასდროს არ მექნება“,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კალანდას დღესასწაულის აღნიშვნას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მან გურულებს კალანდა მიულოცა და მშვიდობიანი წელი უსურვა.
„დღეს გურიაში აღვნიშნავთ კალანდას, მშვიდობიანი, ბედნიერი წელი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის. სტუმარი ბევრი ყოლოდეს გურიას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ და შემდეგ წლებში საქართველო კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწევს, ჩვენი საზოგადოება, ხელისუფლება შევძლებთ ყველა ერთად იმას, რომ ჩვენს ქვეყანას საშინაო, თუ საგარეო პოლიტიკაში მოვუტანოთ წარმატებები. კალანდა არის ტრადიციული დღესასწაული. გურულებისთვის სტუმარი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს, დღეს მიხარია, რომ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად აქ ოზურგეთში გვსტუმრობენ ელჩები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. გვსტუმრობენ კულტურის, მეცნიერების სფეროს ღირსეული წარმომადგენლები, ვფიქრობ, მადლობა ეკუთვნის ჩვენს გურულებს, რომ ღირსეული მასპინძლობა გაუწიეს სტუმრებს.
ყველა სტუმარი არის აქ, ამ ეზოში. ჩვენ ერთად აღვნიშნეთ ეს როგორც ქართული სტუმართმოყვარეობის ტრადიციებს შეესაბამება. ის, რომ რამდენიმე ადამიანი როგორ დახვდა სტუმრებს, ამას საზოგადოება შეაფასებს. ვინც სტუმრობისთვის და სასიკეთო საქმეზე არ იყო მოსული, იმ ხალხის ამბავს, მე ნამდვილად ვერ გეტყვით”,- აღნიშნა თალაკვაძემ. 
დღესვე ზურაბიშვილი  ინიციატივით გამოვიდა, რომ გურული კალანდას აღნიშვნა, მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შევიდეს.
„მე ხელში ახლა ჩიჩილაკი მიჭირავს, გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და საერთოდ გურული კალანდა შევიტანოთ ჩვენს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში. ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩვენ ეს ინიციატივა გავიტანოთ იუნესკოში, რომ კალანდა მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შევიდეს. ეს არის ძალიან ძლიერი ნიშანი, ამავე დროს ეს არის ძალიან ეკოლოგიური. ჩიჩილაკი არის უფრო ქართული. ჩიჩილაკი იყოს ამ წლის ბედნიერების მომტანი“,- აღნიშნა პრეზიდენტმა. 
საქართველოს პრეზიდენტის და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, კალანდას დღესასწაულის აღსანიშნად სხვადასხვა ქვეყნის ელჩებიც იმყოფებოდნენ.
ხვალ სალომე ზურაბიშვილი გურიაში ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე ადგილას გამართავს შეხვედრას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები