გიორგი ცუცქირიძე: „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ უზრუნველყო აღებული ვალდებულება და დრო დაიკარგა
სამწუხაროდ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ ვერ უზრუნველყო თავის ვალდებულება და დრო დაიკარგა, – ამის შესახებ საფინანსო საკითხების ექსპერტმა, პროფესორმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ცუცქირიძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტი პერსპექტიულია და მის განხორციელებას საფრთხე არ ემუქრება. „პროექტის მომავალი საკმაოდ პერსპექტიულად მეჩვენება. არ მგონია, რომ პრობლემები შეიქმნას, ან ტენდერის გამოცხადებაში, ან მის მიმდინარეობაში. სახელმწიფო ყოველთვის აცხადებს , რომ ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ქვეყნისთვის და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგეს . ეს არის ფაქტი. როცა სახელმწიფო ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს განცხადება ყველგან მიდის , როგორც ქართველ ,ისე საერთაშორისო ინვესტორებთან“, – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, კონსორციუმმა პროექტის საწყისი ფაზის პირობებიც კი ვერ შეასრულა. „კონსორციუმთან ხელშეკრულების გაწყვეტა მოსალოდნელიც იყო . რაც შეეხება კონსორციუმის განცხადებას, რომ ხელისუფლება მას ხელს უშლიდა , უნდა გითხრათ, რომ არ მახსენდება არა თუ საქართველოს ისტორიაში, არამედ საერთაშორისო პრაქტიკაშიც, რომ სახელმწიფოს გამოეცხადებინოს ტენდერი და კონტრაქტორი კომპანიისთვის შეექმნას ამ ტიპის ბენეფიტები. საუბარი იმაზე, რომ სახელმწიფო გიშლის ხელს ინვესტორებთან ურთიერთობაში, ზუსტად ინვესტორებთან ურთიერთობის დროს ვიცით, რომ 40-მდე ცვლილება შევიდა თავდაპირველ პირობებში. 6-ჯერ, თუ 7-ჯერ ვალდებულებების გადავადება მოხდა , რაც უპრეცედენტოა. მესამე, რასაც მინდა, ხაზი გავუსვა – ეს არის ჯარიმები. როცა გამოცხადებულია საერთაშორისო ტენდერები და ინვესტორები ვერ ასრულებენ თავის ვალდებულებებს, მათ ეკისრებათ ჯარიმები. 10 მილიონზეა საუბარი, რომელიც, ფაქტობრივად, კონსორციუმს აპატიეს, არ გადაახდევინეს. პროექტი იყო გრძელვადიანი, მაგრამ რამდენიმე ფაზისგან შედგებოდა. პრაქტიკულად, კონსორციუმმა საწყისი ფაზის პირობებიც კი ვერ შეასრულა. მშენებლობა რომ დაწყებულიყო, აუცილებელი პირობა იყო კონსორციუმის მიერ კაპიტალის შევსება, საუბარია მინიმუმ 120 მილიონ დოლარზე, მეორე ეს იყო 400 მილიონზე შეთანხმება, რომ ერთიანი საინვესტიციო საწყისი ბაზა შეკრულიყო . კონსორციუმმა კაპიტალიც ვერ შეავსო. სახელმწიფოს მიერ პროექტზე 114 მილიონ დოლარამდეა დახარჯული. სამწუხაროდ, კონსორციუმმა ვერ უზრუნველყო თავის ვალდებულება და დრო დაიკარგა. რატომღაც არის გარკვეული შეფასებები, ჩემი აზრით, სუბიექტური , რომ რადგან გაწყდა ეს ხელშეკრულება, პროექტს აღარ აქვს პერსპექტივა, სხვა ინვესტორი აღარ მოინდომებს ახალ ტენდერში მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, დაინტერესებულები არიან, თუნდაც ის კომპანიები, რომელებიც თავდაპირველ ტენდერში მონაწილეობდნენ , შეიძლება გაფართოვდეს კიდეც მონაწილეების წრე . დღეს არათუ მცირდება ანაკლიის პროექტის და საერთოდ ამ ბიზნესწინადადების მიმზიდველობა, პირიქით, იზრდება, რადგან ინფრასტრუქტურა უფრო განვითარებულია საქართველოში. რასაც ამბობენ, რ ომ პროექტს მიმზიდველობა დაეკარგა, არაფერიც არ დაკარგვია, პირიქით, მე რომ მკითხოთ, გაიზარდა კიდეც. იმიტომ,რ ომ თემა პირველ რიგში საინვესტიციო კუთხითაა ძალიან საინტერესო. არის მოსაზრება, რომ თუ დავა დაიწყო, შეიძლება ტენდერი ვეღარ გამოცხადდეს და გაჭიანურდეს პროექტის ახალ ფაზაში გადასვლა. არ მგონია, რომ ეს ხელისშემშლელი პირობა იყოს. სატენდერო პირობით, სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, თუ ინვესტორი, ტენდერის მომგები კომპანია, ვერ უზრუნველყოფდა პირობების შესრულებას, გაეწყვიტა ხელშეკრულება. გეუბნებით, რომ არათუ, ამ წლის დასაწყისში, ერთი წლის წინაც შეეძლო სახელმწოფს გაეწყვიტა ხელშეკრულება“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა 9 იანვარს მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, კონსორციუმმა ვერ შეძლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ცქიტიშვილი განმარტებით, მთავრობა ახალი პარტნიორის მოძებნას დაიწყებს.ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ხელისუფლების მხრიდან “ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის” ხელშეკრულების გაუქმებას ქვეყნის გარეთ გაასაჩივრებენ.
თამუნა შეყილაძე