„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“: მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება

“მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას”, – ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც კონსორციუმში აცხადებენ, მთავრობის ქცევის მოდელი, შეწყვეტის თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ გაურკვეველი დროით გადაიდება ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის დასრულებისა და ოპერირების ეტაპი.

„დღეს საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა თავისი გადაწყვეტილება, რომ წყვეტს საინვესტიციო ხელშეკრულებას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“. კონსორციუმის პოზიციაა, რომ მთავრობას არა აქვს უფლება, შეწყვიტოს ხელშეკრულება და წერტილი დაუსვას პროექტში კონსორციუმის მონაწილეობას. დასანანია, რომ კონსორციუმის მიერ პროექტზე აქამდე დახარჯული დროის, რესურსების და თანხების მოცულობის მიუხედავად, მთავრობამ ამჯობინა, რომ ყოველ ჯერზე დაეკნინებინა კონსორციუმის ძალისხმევა. ნაცვლად იმისა, რომ მხარი დაეჭირა პროექტისთვის და ეძებნა გამოსავალი, თუ როგორ გადაეჭრა პროექტში ჩართული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ტერმინალის ოპერატორისა და პოტენციური ინვესტორების მიერ დასმული საკითხები. მთავრობის ქცევის მოდელი, შეწყვეტის თაობაზე დღევანდელი გადაწყვეტილების ჩათვლით, მხოლოდ იმას უზრუნველყოფს, რომ გაურკვეველი დროით გადაიდება ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის დასრულებისა და ოპერირების ეტაპი – გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო კონსტრუქციული მიმართულებით შეცვლის აღებულ კურსს.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ არაერთგზის სცადა, რომ თავიდან აეცილებინა დავის სცენარი, რათა არ გამოწვეულიყო პროექტის შემდგომი დაგვიანება. მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება კი ნიშნავს, რომ კონსორციუმს არ დარჩა სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ დაიცვას კომპანიისა და მისი აქციონერების ინტერესები – ყველა ხელმისაწვდომი იურიდიული ბერკეტის გამოყენებით. კონსორციუმი კიდევ ერთხელ ეცდება, რომ მშვიდობიანი გზით მოაგვაროს დავა სახელმწიფოსთან, თუმცა წარუმატებელი მცდელობის შემთხვევაში, არ დარჩება სხვა გზა, თუარა საერთაშორისო საარბიტრაჟო დავის წამოწყება საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები