შუახევის მერმა აჭარიდან დედოფლისწყაროში ჩასახლებული ეკომიგრანტები მოინახულა
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, დედოფლისწყაროს მერთან ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში, სამთაწყაროში და ფიროსმანში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები მოინახულა და შობა-ახალი წელი მიულოცა.
სოფელ სამთაწყაროში დღეის მდგომარეობით 370 ოჯახი ცხოვრობს. მათ შორის 300 ოჯახი აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტი. სოფელ ფიროსმანში სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან ჩასახლდნენ ოჯახები, დღეის მდგომარეობით 161 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს.
“დედოფლისწყაროს ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სამთაწყაროში და ფიროსმანში მოვინახულე აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები. ოჯახების უმეტესობას, მთიანი აჭარიდან სოფლებში ჩასახლება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნითა და სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მოუხდა. შუახევიდან , სამთაწყაროში და ფიროსმანში ძირითადად ნაღვარევიდან, ჭვანიდან, შუბნიდან, დღვანიდან და სხვადასხვა სოფლებიდან ჩასახლდნენ ოჯახები. ჩასახლება 80 – იანი წლებიდან დაიწყო და ეს პროცესი ეტაპობრივად, 90 -იან წლებამდე გაგრძელდა. შეხვედრაზე გავეცანი ეკომიგრანტების საჭიროებებსა და ყოფით პირობებს. მოხარული ვარ, რომ მოსახლეობას უწევს კარგ საცხოვრებელ პირობებში ცხოვრება. გასულ წელს მოვინახულე ასევე, ჩვენი ეკომიგრანტები ვაზიანში, მუხროვანში და წალკაში. მათთან შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებ ,“- განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.