სოხუმში აქციის მონაწილეები დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ.ადმინისტრაციაში შეიჭრნენ – დაცვასა და შეკრებილებს შორის შეტაკებაა
სოხუმში დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. ადმინისტრაციასთან შეკრებილებმა შენობაში შეჭრა შეძლეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობის კარები ჩამოხსნილია, ჩამსხვრეულია მინები.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის პერიოდულად შეტაკებებია.
დღეს, ე.წ პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის ალხან კვიწინიას სარჩელს, ე.წ. უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანცია განიხილავს.
კვიწინია ე.წ. არჩევნების შედეგის გაუქმებას ითხოვს.
ე.წ.სასამართლოს საკასაციო ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში მიღებისთანავე შედის, თუმცა ის შესაძლოა ე.წ. რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს პრეზიდიუმში გასაჩივრდეს.
ოკუპირებულ აფხაზეთში 2019 წლის 8 სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ე.წ. ცესკოს მონაცემით, გამარჯვება მოქმედმა დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოიპოვა.
თუმცა ე.წ. არჩევნებში ხაჯიმბას ოპონენტმა კვიწინიამ 11 სექტემბერს ე.წ. სასამართლოში ცესკოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. 20 სექტემბერს კვიწინიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7 ოქტომბერს, კვიწინიამ ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო ინსტანციაში გაასაჩივრა, ამ წუთებში კი, სწორედ ამ სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.