პროკურორი: მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმეზე მეორე ბრალდებულის დაკავება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და გარდაცვლილის ძმის გამოკითხვის შემდეგ გახდა შესაძლებელი
“დაზარალებულ ოჯახს, ასევე, საზოგადოებას გუშინ დავპირდით, რომ უმოკლეს ვადებში მოხდებოდა ამ საქმეზე გამოძიების ჩატარება. შესაბამისად, დღეს გვაქვს ჩვენ მოცემულობა, რომ დავაკავეთ ბრალდებულის სახით კიდევ ერთი პირი, ვახტანგ ბურძენიძე, რომელიც დაკავებულია სსსკ-ის 117-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს განზრახ ჯანმრთელობის დაზიანებას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, გულისხმობს ადამიანის ცემას, ჩადენილს ასევე ჯგუფურად”, – ამის შესახებ მურად წურწუმიას საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.
პროკურორმა ასევე განმარტა, რომ ბრალდებულის დაკავება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და გარდაცვლილის ძმის გამოკითხვის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
„დაზარალებული პირი, ვგულისხმობ ძმას, დღეს გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში. ასევე ჩვენ ვნახეთ არა ერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საგამოძიებო ორგანო არ ცდილობს ოჯახთან დაკავშირებას. ჩვენ ვითვალისწინებთ ოჯახის მძიმე მდგომარეობას, ამიტომ არ ვცდილობთ, რომ ამ პერიოდში შევაწუხოთ. ვგულისხმობთ როგორც დედას, ასევე, ძმას. დღევანდელი მოცემულობით ძმამ შეძლო, გამოცხადდა ჩვენთან, მოგვაწოდა ინფორმაცია და სწორედ ამის შემდგომ გადაწყდა ბრალდებულის დაკავება“,- აღნიშნა დავით გუმბერიძემ.
მისივე თქმით, პროკურატურა კანონით განსაზღვრულ ვადებში მიმართავს სასამართლოს დაკავებული პირის მიმართ აღკვეთი ღონისძიების გამოყენების თაობაზე.