მაია ცქიტიშვილი: ბაკურიანსა და გუდაურში აქტიური სამუშაოების შედეგად, ყველა ტექნიკური პრობლემა მოგვარებულია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დღეს ბაკურიანში წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხების აღმოსაფხვრელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მისივე ინფორმაციისთვის, კურორტებზე აქტიური სამუშაოების შედეგად, ყველა ტექნიკური პრობლემა – მილების შეკეთება და ახალი დამატებითი წყალმიმღებების მოწყობა მოგვარებულია.
”მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს თანამოქალაქეებსა და ტურისტებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია იმის შესახებ რა ვითარებაა ბაკურიანსა და გუდაურში. გუშინ, წყალმომარაგების პრობლემა, ფაქტობრივად, გადავჭერით გუდაურში, თუმცა სამწუხაროდ, ზოგიერთი მედიასაშუალება საღამოს იუწყებოდა, რომ სასტუმროების ნაწილს წყალი ისევ არ მიეწოდება. ბაკურიანში წყლის პრობლემა ჰქონდა სასტუმროების მხოლოდ 20 პროცენტს. აქედან, ნაწილს გრაფიკით მიეწოდება წყალი, ნაწილს კი 31 დეკემბრიდან მოყოლებული, მუდმივ რეჟიმში, ვამარაგებთ წყალმზიდების საშუალებით. ჩვენი კოლეგების – საგანგებო სამსახურისა და თავდაცვის სამინისტროს დახმარებით, ასევე წყლის კომპანიის რესურსებით, 700 ტონაზე მეტი წყალია უკვე მიწოდებული. აქტიური სამუშაოების შედეგად, ყველა ტექნიკური პრობლემა – მილების შეკეთება და ახალი დამატებითი წყალმიმღებების მოწყობა მოგვარებულია. ახლა მიმდინარეობს ახალი სათავეს ტესტირება და შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ არსებული დანაკლისის შევსებას და დაბის უწყვეტ მომარაგებას.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მთლიანად კურორტზე არსებული მდგომარეობა. ძალიან ბევრი სამუშაო გაკეთდა მთელი წლის განმავლობაში. კერძოდ, დასრულდა ახალი შემოვლითი გზა, რომელმაც მნიშვნელოვნად განტვირთა მოძრაობა. წრიული გზაც გაკეთებულია და დიდწილად მოგვარდა საცობების პრობლემა, რაც გვქონდა წინა წლებში. საპატრული პოლიციის შვიდი ეკიპაჟი და საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი უზრუნველყოფენ გზებზე გადაადგილებას. ათვისებულია ახალი საპარკინგე სივრცეები, მათ შორის დიდველთან, „მგზავრებთან“, კოხტასთან და ამ პარკინგებით სარგებლობა შესაძლებელია უფასოდ, ბაკურიანს ემსახურება განახლებული მუნიციპალური სატრანსპორტო პარკი და პერიოდულად, ავტობუსები კიდევ დაემატება, რაც გაზრდილ მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.