გოგა ხაინდრავა: ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია პირველ რიგში რუსეთს აწყობს, რადგან მან კარგად იცის, რომ ქართული სახელმწიფოს ფუძე ეკლესიაა
რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “რესპუბლიკური პარტიის“ წევრის დავით ბერძენიშვილის კომენტარი შეაფასა.
დავით ბერძენიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე კომენტარისას სოციალურ ქსელში “თვითმფრინავის საქმე“ გაიხსენა და აღნიშნა, რომ ილია მეორე როგორი “დაუნდობელიც“ იყო ახალგაზრდობაში, ის არის 87 წლის ასაკშიც.
გოგა ხაინდრავას თქმით, ქართული ეკლესიის დისკრედიტაცია პირველ რიგში რუსეთს აწყობს, რადგან მან კარგად იცის, რომ ქართული სახელმწიფოს ფუძე ეკლესიაა.
„მის გამონათქვამებზე არ ვაპირებ კომენტარებს, რადგან ეს არის ბნელი ძალები, ანტიქრისტე ძალები, რაც ძალიან კარგად არის ჩვენთვის ცნობილი. ეკლესიის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა ბერძენიშვილების ხელით, პეტრე ცაავების და კიდევ დანარჩენების ხელით. მათ ჰგონიათ, რომ არ ვიცით, ისინი ვის ემსახურებიან, რა ძალებს და საიდან მოდის ეს შეკვეთა ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაზე, ყველაზე გამორჩეულად, პატრიარქის დისკრედიტაციაზე. პირველ რიგში, ეს რუსეთს აწყობს და მათ ემსახურება, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ფუძე, საფუძველი და ფესვი არის მართლმადიდებელი რწმენა და ეკლესია, რომელზეც ყოველთვის იდგა საქართველო, რომელმაც გადაარჩინა და მოიყვანა ეს ქვეყანა დღემდე. ამიტომ, პირდაპირ იქ ურტყამენ და იქ მიდის შეტევა. ეს ე.წ. “რესპუბლიკელებისგან“ ახალი არ არის, ესენი, ყველანი მონაწილეობენ და დიდი ხანია მონაწილეობდნენ ამაში და დღეს უბრალოდ, გაცხადდა, რაც მათ ბნელ სულებში იყო“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
რეჟისორმა ჟურნალისტებს, პატრიარქის მოწინააღმდეგეთა მოსაზრებების ტირაჟირების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მსგავსი ღვაწლის და ისტორიის პატრიარქი დღეს მსოფლიოში არ არსებობს.
„მე თქვენ მოგმართავთ პირველ რიგში, რადგან თქვენზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული – შეწყვიტეთ პატრიარქის ლანძღვა-გინების ტირაჟირება, ძალიან ცუდად მოგიბრუნდებათ სულ ყველას, ეს არ არის მარტო ინფორმაციის გავრცელება, ეს არის ცილისწამების გავრცელება. ალბათ, ყველაზე ღირსეული ადამიანის წინააღმდეგ, ვინც დღეს საქართველოში ცხოვრობს, ვიმეორებ – მსგავსი ღვაწლის და ისტორიის პატრიარქი დღეს მსოფლიოში არ არსებობს და მსოფლიო ისტორიაში ძალიან ცოტა მოინახება. იმიტომ არის ასეთი გაშმაგებული ბრძოლა მის წინააღმდეგ, როგორც ეკლესიის შიგნით, ისე ეკლესიის გარეთ და ერი და ბერი ერთი და იგივეა. ნუ გიკვირთ, რომ ეკლესიაში ბუდობენ ეს ძალები, რადგან ყოველთვის იყვნენ. საქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი ეკლესია, რომელშიც არასოდეს ყოფილა განხეთქილება. საქართველოს ეკლესია, როგორც მუხა, ისე დგას მართლმადიდებლობის სადარაჯოზე. მიდის შეტევა პატრიარქზე – სირცხვილია, ქართველებო, რისი მოწმეც ვართ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.