თბილისის საკრებულოს წევრებმა “ალილოს” მსვლელობაში მიიღეს მონაწილეობა (ფოტოკოლაჟი)
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს წევრები “ალილოს” მსვლელობას შეუერთდნენ. საკრებულოს წევრებმა თავისუფლების მოედანზე მოსულ მეალილოვეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საშობაო ნობათით დაასაჩუქრეს.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ ქრისტეშობა განსაკუთრებული დღესასწაულია ქრისტიანებისთვის.
„ქრისტეშობა განსაკუთრებული დღეა ყველა ქრისტიანისთვის. ეს არის სიყვარულის, სიკეთის, ჩვენი ერთიანობის დღე. ჩვენს ქვეყანას მინდა გაერთიანება ვუსურვო, ჩვენს მოქალაქეებს სიყვარული და სიკეთე. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ბედნიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ,“ – განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ქრისტეშობის დღესასწაულზე “ალილოს” მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო. მეალილოვეებმა რუსთაველის გამზირის, თავისუფლების მოედნის, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩების გავლით, მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დაასრულეს.
შემოწირულობები, რომლებიც მეალილოვეებმა შეაგროვეს, ყოვლადწმინდა სამების ტაძარიდან ბავშვთა სახლებში, უმწეოთა თავშესაფრებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება.