ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენთვის დეკანოზის გათავისუფლება სასურველი და მისაღები იქნებოდა

საქართველოს საპატრიარქოსთვის “ციანიდის საქმეზე” დაპატიმრებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის, გათავისუფლება, სასურველი და მისაღები იქნებოდა.

ამის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, დეკანოზის გათავისუფლება თუნდაც იმიტომ უნდა იყოს სასურველი საპატრიარქოსთვის, რომ ამით „დასრულდებოდა 3-წლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებები ეკლესიის მიმართ“, რომლითაც, მისივე თქმით, “გარკვეული პირები სარგებლობენ”.

„მიუხედავად თითქმის 3-წლიანი დაუსაბუთებელი ბრალდებებისა ეკლესიის მიმართ, შეწყალების გადაწყვეტილება მისი უწმინდესობის ინიციატივით მიიღო საქართველოს ეკლესიის უმაღლესმა მმართველმა ორგანომ – სინოდმა. სინოდის გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილი წერილი, რომელიც გაეგზავნა პრეზიდენტს, არის უმაღლესი ლეგიტიმაციის, და გამოხატავს ეკლესიის ნებას.

პრეზიდენტმა დღეს გაასაჯაროვა თავისი გადაწყვეტილება, დაასაბუთა თავისი ხედვა, თუ რატომ არ მოხდა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი მამალაძე.

ადამიანური ფაქტორი და დამოკიდებულება პატიმრისადმი გულმოწყალებას გულისხმობს, ჩვენთვის მნიშვნელოვანი, სასურველი და მისაღები იქნებოდა, რომ გათავისუფლებულიყო დეკანოზი. თუნდაც იმიტომ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ამ ხნის განმავლობაში მიმდინარე პერფორმანსი დამთავრდებოდა.

ჩვენ ცხადად ვხედავთ და აქამდეც გვითქვამს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძის მდგომარეობას ძალიან დიდი სპეკულაციები მოჰყვა და ჩვენი აზრით, ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამით, რომ ეკლესიის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ჩვენი ხედვით, ეს ადამიანი გარკვეულ წილად მძევლადაც კი არის იმ ხალხის ხელში, ვისაც საკუთარი დივიდენდების მოპოვება სურს ეკლესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. სურვილი, რომ დეკანოზი გათავისუფლებულიყო, შეიძლება, ამ მხრითაც გავზომოთ, რომ მისი შეწყალებით დასრულდებოდა ეს სპეკულაციები“,-აღნიშნა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით 5 პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები